საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება.
როგორც თეა წულუკიანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუშინ გაკეთებული განცხადებები და ასევე სხვა მოსამართლეების მიერ გაკეთებული წინა განცხადებები დადებითად შესაფასებელია. თუმცა მინისტრს გული წყდება, რომ მოსამართლეთა მხრიდან მსგავსი გამოხმაურებები არ მოხდა მაშინ, "როცა მართლმსაჯულებას ყველაზე მეტად უჭირდა".
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცახდებები და წინა განცხადებები, რფომლებიც სხვა მოსამართლეებმა გააკეთეს მისასამლებელია. მე მათ მხოლოდ დადებითად ვაფასებ, მრჩება მხოლოდ დანანება, რომ ეს განცხადებები არ მოხდა მანამ სანამ მართლმსაჯულებას ყველაზე მეტად უჭირდა. დღეს მართლმსაჯულებას უჭირს მაგრამ არა ისე, როგორც ეს წინა წლის ოქტომბრამდე იყო. მანამდე ასეთი განცხადებები რომ მრავლად ყოფილიყო, აზრთა თავისუფლად გაცვლა-გამოცვლა სასამართლო სისტემაში, მართლმსაჯულებას არ დაემართებოდა ის ავადმყოფობა რაც დღეს ჭირს და რისი გამოსწორებითაც და განკურნებითაც ჩვენ ვართ დაკავებულები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
9 ივნისს დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებმა ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თოდრიამ გუშინ განცხადება გაავრცელეს.
ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სასამართლო სისტემის ადმინისტრირებაში, მოსამართლეთა მინიმალური მონაწილეობა ზედმიწევნით აისახა მართლმსაჯულების ხარისხსა და მოსამართლის ავტორიტეტზე, რამაც შესაბამისი ზეგავლენა იქონია მთელ სამართლებრივ სისტემაზე და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივაზე.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა უზრუნველყოს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 63.2. მუხლით დადგენილი ვალდებულების – "საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობასა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას", კეთილსინდისიერად შესრულება.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა უზრუნველყოს არა რომელიმე ჯგუფის, არამედ, უკლებლივ ყველა მოსამართლის ინტერესების გამოხატვა, სამართლიანი საარჩევნო პროცედურების მეშვეობით სრულფასოვანი თვითმმართველობის განხორციელება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ნებისმიერი ჩარევისაგან, არ დაუშვას სასამართლო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენება მოსამართლეთა თავისუფალი ნების დასათრგუნად", - ნათქვამია განცხადებაში.