სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გეგუთის კოლონიაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე ომბუდსმენის აპარატი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენმა ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის შესწავლის დასრულებისთანავე სპეციალური განცხადება გაკეთდება.
ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ გამოძიებას გამოკვეთილი ჰყავს რამდენიმე სავარაუდო პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის გეგუთის კოლონიის პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალებაში. უჩა ნანუაშვილმა არ დააკონკრეტა გამოკვეთილი სავარაუდო პირები პატიმრები არიან, თუ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.