ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ასე იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა დიცში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
ელჩის თქმით, ისრაელი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტები მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს და არა – ცალმხრივი მოქმედებებით.
"ისრაელის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ არ ვემხრობით და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ, თვითაღიარებულ "დამოუკიდებლობას". ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია მყარია და გვწამს, ხანგრძლივი კონფლიქტები ორმხრივი მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს და არა – ცალმხრივი მოქმედებებით", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.