"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატს უახლოესი 10 დღის მანძილზე დაასახელებს, პრაიმერის ჩატარებას კი აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა პრაიმერის გზით შეერჩია საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა ეს გეგმები შეიცვალა.
"მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააკავეს, პარტიის გეგმებში მოხდა ცვლილებები. საპრეზიდენტო კანდიდატზე შევთანხმდებით და ისე გამოვაცხადებთ. პრაიმერის ჩატარებას აღარ ვაპირებთ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი საკმაოდ სუსტია და "ნაციონალების კანდიდატს" რომელიც დასახელდება, საკმაოდ სერიოზული შანსები ექნება.
"ქართული ოცნება" ხვდება, რომ საკმაოდ სუსტი საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩიეს, ამიტომ პარტიაში საუბარი მიდის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. მათ ურჩევნიათ საპარალამენტო –საპრეზიდენტო არჩევნები ერთად ჩაატარონ, რათა მოხდეს მათი საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანაც. მათ ასევე სურთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ იყოს პარლამენტში. ისინი ჩვენი პარტიის წევრების დაკავებითა და დაშინებით ცდილობენ "ნაციონალებისთვის" ხელების გადაგრეხვას. მათ სურთ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური პარტია ამოაგდონ ცხოვრებიდან და რეალურად ის მართულმა ოპოზიციამ ჩაანაცვლოს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.