ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის სახელმწიფო კომისია 2012 წლის 29 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარი ინციდენტზე წარმოებული გამოძიების დასკვნას აქვეყნებს, რომელიც იჩქერიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
კომისიის დასკვნის მიხედვით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული რიგითი წევრები წინასწარ დაგეგმილი სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლნი იყვნენ. კომისია სპეცოპერაციის დაგეგმის მონაწილე ოთხ მხარეს – რუსეთს, "კავკასიის ემირატს", საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თავიდანვე აკონტროლებდა მთელ პროცესს და რიგით დივერსანტებს გამოყოფს, მთავარ მოქმედ გმირად კი ჩეჩნური მხრიდან ახმედ უმაროვს ასახელებს.
კომისია ასკვნის, რომ ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების ოპერაცია ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა. ოპერაცია კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით განხორციელდა. ჯგუფის კომპლექტაციის უშუალო ხელმძღვანელი კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე იყო.
როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე დოკუ უმაროვის წარმომადგენლებთან საკუთარი კონტაქტების ხარჯზე, დაპირდა ჩეჩნებსა და სამხრეთ კავკასიის სხვა მცხოვრებლებს, რომელთაც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ, საქართველოდან დაღესტანში შესვლისთვის "კორიდორის" გაკეთებას. მონაწილეობის სურვილი 200-მა ადამიანმა გამოთქვა, რომლებიც ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან და ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ. ისინი თბილისსა და პანკისის ხეობაში დააბინავეს. თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდა და მათმა უმრავლესობამ საქართველო დატოვა.
კომისია დარწმუნებულია, რომ ლოპოტას ხეობაში განხორციელებული შეიარაღებული სპეცოპერაცია წინასწარ დაგეგმილი მასობრივი მკვლელობა იყო. კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელ მთავრობას არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და შეიარაღებული პირების გამოჩენა დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლად უნდა წარმოჩენილიყო.
კომისია ასევე აღნიშნავს, შეიარაღებული სამხედრო დაჯგუფების მომზადება თავდაპირველად რუსული სპეცსამსახურების ინიციატივებით მოხდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება პროცესს თავიდანვე აკონტროლებდა.
ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელისუფლებლო სტრუქტურების ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ლოპოტას სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ, დანაშაული ჩაიდინეს და დიდი დარტყმა მიაყენეს ჩეჩნურ-ქართულ მრავალწლიან ურთიერთობას.
დასკვნას ხელს აწერს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე უსმან ფერზაული.