გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, კლინიკაში სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამი ბავშვია მოთავსებული, რომელთაგან ორი, თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ერთ-ერთი ბავშვის დედა, 68 წლის ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. ამ წუთებში მასაც კომპიუტერული და რენდგენოლოგიური გამოკვლევები უტარდება.
როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში განმარტავენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შეფასება მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
გლდანის მე-5 მიკრორაიონის მერვე კორპუსის მე-7 სართულზე დღეს დილით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, რომელთაგან სამი – 10 წლამდე ასაკის ბავშვია. აფეთქების შედეგად დაზიანებული ორი ბინა, სავარაუდოდ, საცხოვრებლად აღარ გამოდგება. სხვა სართულებზე ჩამსხვრეულია მინები.
არსებული ინფორმაციით, ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, მუშები ცხოვრობდნენ, მომხდარის შედეგად დაშავებულები კი მეზობლები არიან.