ევროპარლამენტის დელეგაციის წევრი კჟიშტოფ ლისეკი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ვანო მერაბიშვილისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, მერაბიშვილი არის კარგ ფორმაში. ბევრი შეკითხვა დამისვა, გარეთ რა ხდება. გაკვირვებული ვარ, რომ არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტი. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი შეკითხვები, თუ რა ხდება გარეთ. მე ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს დაველაპარაკები. მას ასევე შეუძლია ნახევარი საათის განმავლობაში გავიდეს სუფთა ჰაერზე. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტი არ მოუწევს", - განაცხადა ლისეკმა.