"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო პასუხისმგებელია 2011 წლის აქციებზე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის მანკიერი რეჟიმის რღვევაში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სახალხო კრების" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა პრემიერის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის განცხადების მიღმა ზოგადი კონტექსტი დაინახა, რომელშიც იგულისხმება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
"კანონის უზენაესობა საერთოა ყველასთვის – პეტრე იქნება ეს, პავლე, თუ ივანე. პრემიერის განცხადება იყო ზოგადი და არ გულისხმობდა იმას, რომ შეიძლება რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. რაც შეეხება 26 მაისის მოვლენებს, საზოგადოება აცნობიერებს, რა წვლილი შეიტანა მან იმ მანკიერი რეჟიმის რღვევაში, რომლისგანაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გავთავისუფლდით. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არამედ პატივი უნდა მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, 26 მაისის მოვლენებმა დაუდო სათავე ხელისუფლების ცვლილების პროცესს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაგვირგვინდა.
"ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ, ყველანი – ნონა გაფრინდაშვილი, მე, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, სოსო ჯაჭვლიანი, თემურ შაშიაშვილი და საბჭოს წევრი იყო ნინო ბურჯანაძეც, აღმასრულებელი საბჭოს გარეშე არაფერი წყდებოდა. ჩვენ ერთად ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანები ადეკვატურად აფასებენ იმ წვლილს, რაც ამ დღემ სააკაშვილის მანკიერი რეჟიმის რღვევაში შეიტანა", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს.