საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სხდომის მოწვევისთვის პრემიერ-მინისტრის თანხმობის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც გიგა ბოკერიამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ფორმალურად და რეალურადაც უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი იწვევს, მაგრამ იმისთვის, რომ შეხვედრა აზრიანი იყოს, პრემიერის მზაობა უნდა არსებობდეს.
"პრემიერისგან იყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და ეს ჩვენთვის ცნობილია. თუ მისი დამოკიდებულება შეიცვალა და მოიცლის ასეთი საკითხებისთვის, კარგი იქნება. მაგრამ ეს პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია და ცალკეული დეპუტატების განცხადებები ვერ იქნება პრემიერის პასუხი", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებისკენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოუწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლიდან დღემდე, 7 თვის განმავლობაში უშიშროების საბჭოს სხდომა არც ერთხელ არ ჩატარებულა.