თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 19 წლის ქართველი სტუდენტი ბიჭი დაშავდა. ამის შესახებ ანკარაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მან დაშავებული სტუდენტი უკვე მოინახულა. კონსულის განცხადებით, ქართველი სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეანიმაციაში იმყოფება.
”როგორც თავად მითხრა, აქციის მონაწილე არ ყოფილა და ინციდენტში შემთხვევით მოხვდა”, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდას ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
თურქეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. სტამბულში, ბეშიქთაშის რაიონში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის წუხანდელი შეტაკება ყველაზე სისხლიანი გამოდგა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
შეტაკების შედეგად დაშავებულებს პირდაპირ ბეშიქთაშის რაიონში მდებარე მეჩეთებში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტში ათავსებდნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ოფისთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცავების მიერ აგებულ ბარიკადებს, პოლიცია კი, მათ დაშლას ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლით შეეცადა.
თურქეთის მედიკოსთა ასოციაციის ინფორმაციით, პარასკევიდან მოყოლებული ადგილობრივ საავადმყოფოებში 484 დაშავებული დემონსტრანტია მოთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებაც.
პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე 1 700 ადამიანია დაკავებული.