რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს.
პოლიტიკური ოპონენტებისადმი შეთავაზებებზე უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძალიან დიდი განსხვავებებისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რომელთა შემთხვევაშიც ყველა პოლიტიკოსს შეუძლია ერთი და იგივე პოზიციის დაკავება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
"დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშიარებული პროცესები სწორედ ასეთ თემას მიეკუთვნება. მივესალმებით ხელისუფლების მცდელობას, მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთა. ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება, კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენ ხალხს, რასაც ბუნებრივია მხარს ვუჭერთ, მაგრამ ასევე მინდა პრინციპულად განვაცხადო - ნორმალიზების მცდელობა არ უნდა გადაიქცეს იმ ტიპის განცხადებებად, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი მინისტრის მხრიდან ამ დღეებში, რაც პრაქტიკულად ამართლებდა ოკუპაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ რუკების დაზუსტება ხდება GPS-ებით და არაფერი ახალი და საგანგაშო არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი უნდა გავაგებინოთ რუსეთის, რომ ამ საოკუპაციო ზოლის გადმოტანა, მთლიანობაში ამ ზოლის არსებობა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით მომავალი პლენარული კვირისთვის შეთავაზებები გააკეთა.
"პირველი - ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ კონსულტაციები უმრავლესობასთან, შევაჯეროთ პოზიციები და მათთან ერთად მივიღოთ საპარლამენტო რეზოლუცია -მიმართვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ. ეს იქნება უმცირესობის და უმრავლესობის ერთიანი და შეჯერებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ნებისმიერი ფორმით ე.წ. საოკუპოციო საზღვრის ხაზის გადატანა, როგორც ამას დღეს აკეთებს რუსეთი. ჩვენ მზად ვართ ამ კონსულტაციისთვის. მზად ვართ, მოვამზადოთ რეზოლუციის პროექტიც და ვთავაზობთ უმრავლესობას ამ საკითხზე შეხვედრას. მეორე - ჩვენ ასევე ვთავაზობთ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვისაუბროთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობთ, რაც ბოლო დღეებში ხდება, ძალიან კარგად გამოაჩენს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გადავდგათ გაუაზრებელი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ნებისმიერი ფორმით დაეხმარება ამ ოკუპაციის გაგრძელებაში. ჩვენ ინტერესში ნამდვილად არ არის, რომ უმრავლესობამ მიიღოს ქვეყნისთვის საზიანო კანონი და ჩვენ ამით გაგვიჩნდეს კრიტიკის თემა. ჩვენ გვირჩევნია, ასეთი კანონი არ იყოს მიღებული და ამით ქვეყანა არ დაზიანდეს, ამიტომ უმრავლესობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ თემებზე კონსულტაციებს და მზად ვართ, აქაც მათთან ერთად მივიდეთ შეჯერებულ პოზიციამდე", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, უმცირესობის სახელით მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შედგეს უშიშროების საბჭოს სხდომა.
"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლემწიფოს ჰქონდეს ერთიანი და შეჯერებული პოზიცია საკუთარი ინტერესების დასაცავად და უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ის პოზიციები, რომელიც შეჯერებული იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იქნება ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში და მზად ვიქნებით გამოვიყენოთ ჩვენი ყველა უცხოური კონტაქტი და კომუნიკაცია ამ ერთიანი შეჯერებული სიგნალის გასაგზავნად ჩვენი პარტნიორებისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა პოზიტიურად გამოეხმაურება.