თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში პოლიციასთან შეტაკების დროს საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი დაშავდა.
ის ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
"დაზარალებული შაბათს მოვინახულე, რეანიმაციულ განყოფილებაშია. საუბრობს. მისი განცხადებით, აქციის დროს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში და ამის შემდგომ აღარაფერი ახსოვს", - განაცხადა საქართველოს კონსულმა თურქეთში თორნიკე ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მოსახლეობა ტაქსიმის ცენტრალურ რაიონში პარკ "გეზის" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებს აპროტესტებს. 31 მაისს სტამბოლში ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა, რომლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა და განაცხადა, რომ შსს ცრემლსადენი გაზის გამოყენების საკითხს იძიებს.
ამ დროისთვის თურქეთში შეტაკებები ისევ გრძელდება. ბოლო მონაცემებით საპროტესტო აქცია ქვეყნის 60-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. 3 დღის განმავლობაში პოლიციამ 900-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი.