სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხედვის მთავრობისთვის გაზიარებას სთავაზობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მინისტრმა არასამთავრობოების გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. "იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც დღეს აქტიურობს და ეფექტური ნაბიჯებისკენ მოგვიწოდებს, რუსეთის აგრესიის თაობაზე არასოდეს საუბრობდა 2008 წლის ომის დროსაც კი. პირადად მე, მაშინ ცხინვალში ჩავდიოდი, ხალხი გამომყავდა, ადამიანის უფლებებს ვიცავდი და ხელისუფლებას ყოველთვის ვთავაზობდი განსხვავებულ აზრსა და პოზიციას, რომლის მართებულობასაც შემდეგ დრო აჩვენებდა. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არა მხოლოდ ზოგადი მოწოდებებით მათი მხრიდან. თუ მათ არ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკა, შემოგვთავაზონ საკუთარი ხედვები და წინადადებები, რაში ხედავენ გამოსავალს. უცნაურია, რომ მოწოდებების ავტორთაგან ზოგიერთი ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა ჩართული კონფილქტის მოგვარების საკითხებში. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ჩართულები იყვნენ და არიან, კარგად ხედავენ ამ საკითხების სირთულეს და არ აძლევენ თავის თავს ზოგადი შეფასებების უფლებას ისე რომ არ შემოგვთავაზონ საკუთარი ვარიანტი", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილი თანამშრომლობას კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით გამოცდილების არმქონე არასამთავრობოებსაც სთავაზობს.
"ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ, შემოგვთავაზონ კონსტრუქციული და ეფექტური ნაბიჯები, თუ მიიჩნევენ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია. თუმცა, მიმაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კონსტრუქციული და კორექტულია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გუშინ გაავრცელეს.
"მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია განცხადებაში.