საქართველოს ხელისუფლების ახალმა პოლიტიკამ დასავლეთს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არგუმენტები თბილისის სასარგებლოდ გაუძლიერა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჯეიმს აპატურაის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, აპატურაის პოზიციაში ნათლად გამოჩნდა ტენდენცია, რომ ახალი ქართული პოლიტიკა შედეგებს უკვე იძლევა.
"აქამდე დასავლეთი პასუხისმგებლობას ორივე მხარეზე ანაწილებდა. მართალია, ქართულ მხარეზე უფრო ნაკლები პასუხსმგებლობა ნაწილდებოდა, მაგრამ ეს მაინც ორივე მხარეს ეხებოდა. ახლა კი მათ დაინახეს, რომ საქართველომ მკაფიოდ და ცალსახად შეცვალა პოლიტიკა და ასეთივე პოლიტიკას და ნაბიჯებს ელიან რუსეთისგან. ჩვენი ამოცანა იყო, წაგვერთმია საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები, როგორც აფხაზებისა და ოსებისთვის, ისე რუსეთისთვის, რომ თბილისი აგრესიულია და არ სურს თანამშრომლობა რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენი სტრატეგიის მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა არგუმენტები დასავლეთისთვის და ამას მივაღწიეთ. დასავლეთის პოზიციები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით გაძლიერდა ჩვენი პოლიტიკით და უკვე ჩვენს პარტნიორებს - დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ არგუმენტი, რომ რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს ჩვენს სამშვიდობო ნაბიჯებს. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდაგავართ და ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. არ ველოდი, რომ ასე სწრაფად დადგებოდა ჩვენი სტრატეგიის რეალიზაციის პერიოდი", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”, საქართველოში გამყოფ ხაზებზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობა გულგასატეხია და იმედგაცრუების საბაბს იძლევა იმ ფონზე, როდესაც ქართულ მხარეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობები ჰქონდა.