ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს წინსვლა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნატო-ს კვირეულის გახსნას ესწრებოდა.
ბარამიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრე დამკვიდრებული ტრადიცია დღესაც გრძელდება, როდესაც საქართველო ატარებს ნატო-ს კვირეულს, სადაც არის იმის საშუალება, რომ იმსჯელონ როგორც საქართველოს, ისე სხვა ასპირანტი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების პესრპექტივის საკითხებზე.
"ეს საშუალებას გვაძლევს ასევე ვიმსჯელოთ იმ აქტულაურ თემებზე, რაც დღეს ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ეს იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ხაზის კიდევ უფრო საქართველოს სიღრმეში შემოტანა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, ადგილობრივი დემოკრატიის პრობლემები, მათ შორის როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის დაპატიმრება", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ იაროს ისე, რომ "ჩვენმა მოქმედებებმა, ქვეყნის შიგნით განვითარებულმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას".
"ამ თვალსაზრისით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი სერიოზული პრობლემები არ გვქონდეს, ასეთი სერიოზული კითხვის ნიშნები არ დაიბადოს, იმიტომ რომ საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, ასევე ხალხის ნორმალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.