17 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიმართვა და მასთან ერთად 12 000 ხელმოწერა უკვე პარლამენტშია.
გარდა ამისა, პარლამენტს უკვე წარედგინა 19 მაისს პოლიტპატიმართა ყრილობაზე მიღებული პეტიცია, რომლის მთავარ მოთხოვნას წინა ხელისუფლების გასამართლება წარმოადგენს. ორივე დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტშია შესული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ განუცხადა, 19 მაისის ყრილობაზე მიღებულ მიმართვასთან დაკავშირებით კომიტეტი სხდომას გამართავს.
რაც შეეხება მოქალაქეთა იმ ჯგუფის მიმართვას, რომლებიც პარლამენტისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან 17 მაისის ინციდენტზე სათანადო რეაგირებას ითხოვენ, ბესელიას თქმით, საკითხს ჯერ კომიტეტის აპარატი სწავლობს და ის კომიტეტზე მას შემდეგ გავა, რაც აპარატი მუშაობას დაასრულებს.