ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მხარემ ლეფორს აცნობა, რომ მარტში გამართულ ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე ეს საკითხი ქართული მხარის მიერ იქნა წამოწეული. იმავე შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის მხრიდან იყო საპასუხო რეაქცია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოეწყო საკუთარი სახელმწიფო საზღვარი. საუბრის დროს ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავება, მითუმეტეს, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით "ისრების გადატყორცნა", უსამართლოა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს კარასინმა ასევე მოახსენა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ არაერთხელ დააყენა საზღვრის დემარკაციის საკითხი, თუმცა ქართულმა მხარემ სხვადასხვა საბაბით თავი აარიდა ამ საკითხს.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მავთულხლართების გაბმის საკითხს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს საკითხი განხილულ არ იქნება კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე, რადგან მსგავსი საკითხები ამ შეხვედრის ფორმატში განსახილველი საკითხის რიცხვში არ დგას.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 4-5 ივნისისთვის არის დაგეგმილი.