რუსეთსა და აფხაზეთს შორის "საფოსტო კავშირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მორიგი არაკანონიერი ქმედებაა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მცდელობა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის მიენიჭებინათ საფოსტო კოდები, მუდმივად დგას საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფარგლებში.
"საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საფოსტო კავშირის და იკაოს აღქმა არის, რომ ეს არის უკანონო. როგორც ჩანს, დე ფაქტოდ მოქმედებს. იქ არიან რუსული ოპერატორები, თუმცა საერთაშორისო არენაზე ეს მიჩნეულია, როგორც არალეგალური. მათ მიერ არ ხდება ასეთი საფოსტო გზავნილების მიღება და დამუშავება და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რომ რუსული კოდით მათი მიღება არ მოხდეს", - განაცხადა ჯალაღანიამ და დასძინა, რომ ეს ძალისხმევა და დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიარებაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 24 მაისს, სოხუმში რუსეთის ფოსტამ და კომპანია "აბხაზსვიაზმა" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას "საფოსტო კავშირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ იმას, რომ რუსეთის ფოსტა უზრუნველყოფს საფოსტო კავშირებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის გავლით სხვა ქვეყნებშიც
ჭიაბერაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზეთის მოქცევა რუსეთის საფოსტო ინდექსის ქვეშ არ დაუშვას.