9 ივნისს დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები, ნათია წკეპლაძე და თეიმურაზ თოდრია განცხადებას ავრცელებენ. "ინტერპრესნიუსი" წკეპლაძისა და თოდრიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"სასამართლო სისტემის ადმინისტრირებაში, მოსამართლეთა მინიმალური მონაწილეობა ზედმიწევნით აისახა მართლმსაჯულების ხარისხსა და მოსამართლის ავტორიტეტზე, რამაც შესაბამისი ზეგავლენა იქონია მთელ სამართლებრივ სისტემაზე და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივაზე.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესი, მისი ფორმირება წარმომადგენლობითი და სასამართლო ხელისუფლებათა კომპეტენცია და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ხდება.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა უზრუნველყოს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 63.2. მუხლით დადგენილი ვალდებულების – "საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობასა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას", კეთილსინდისიერად შესრულება.
ვაცნობიერებთ რა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამწყვეტ როლს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციის და მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფაში, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს, ვითვალისწინებთ საქართველოს მოსამართლეთა დიდ დაინტერესებას ამ შესაძლებლობისადმი, გვინდა განვაცხადოთ:
მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ არჩევნების იდეის პატიოსანი განხორციელების მეშვეობით, თავის რიგებში უნდა გამოარჩიოს საკუთარი სტატუსისა და როლის გასიგრძეგანების, საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მაღალი შეგნების მქონე მოსამართლეები და მიანიჭოს მათ სასამართლოს საქმიანობის წარმართვის უფლებამოსილება. ასეთ ვითარებაში, არჩევნების სისტემა თავის წილ პასუხისმგებლობას აკისრებს როგორც ამომრჩეველს, ასევე, არჩეულ პირებს.
სამწუხაროდ, საკანონმდებლო ნორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ადგენს განსხვავებულ საარჩევნო პირობებს, რაც თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფაა და შესაბამისად, არასამართლიანია. ამ კანონით, სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს ეძლევათ საშუალება კენჭი იყარონ სრულიად არაკონკურენტულ გარემოში, მაშინ, როდესაც რიგით მოსამართლეებს არ ეძლევათ საკუთარი კანდიდატურების დასახელების უფლება.
ამგვარი "პოლიტიკური კომპრომისის" საფუძველზე, განისაზღვრა უთანასწორო საარჩევნო გარემო, რაც თავად არჩევნების არსს ეწინააღმდეგება. ეს კი შეურაცხმყოფელი უნდა იყოს თავად კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეთათვის, რომლებიც თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ კვალიფიკაციით, არამედ, სამართლიანობის მაღალი განცდითაც.
ასეთი ფსევდო საარჩევნო ვითარება, შესაძლებელია მისაღები იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისთვის, მაგრამ სრულიად შეუსაბამოა მართლმსაჯულების დიადი იდეის განმხორციელებელ მოსამართლეთათვის. აბსოლუტური ფასეულობებისადმი სწორედ მოსამართლეთა დამოკიდებულებამ განაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოებში მართლმსაჯულების, და შესაბამისად, სახელმწიფო სისტემის გამართული ფუნქციონირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებმა არ უნდა გამოიყენონ კანონით მინიჭებული ეს უსამართლო პრივილეგია. ამით უზრუნველყოფილი იქნება თანასწორ საარჩევნო პირობებში ჯანსაღი კონკურენცია, რომლის გარეშე საარჩევნო პროცედურა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. თანასწორ საარჩევნო პირობებში მონაწილეობით, სასამართლო კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეები დაადასტურებენ, რომ ისინი მაღლა დგანან ყოველგვარ "პოლიტიკურ კომპრომისზე", რომ ვერც ერთი შეთანხმება ვერ გადაწონის და ვერ დადგება სამართლის უზენაესობაზე მაღლა, და რომ სასამართლო კორპუსში ისინი გამოირჩევიან არა ადმინისტრაციული თანამდებობის სტატუსით, არამედ პროფესიული თავმოყვარეობის და ღირსების გამძაფრებული გრძნობით!
უკიდურესად მრავლისმეტყველი იქნება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი და დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოსამართლეთა კონფერენციამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფიგურა საქართველოში შეირჩევა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ მის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზე არის დამოკიდებული, რამდენად გახდება იგი მოსამართლეთა ნამდვილი ლიდერი, პირველი - თანასწორთა შორის! სასამართლო ხელისუფლების მეთაურის მაღალი წოდების და დანიშნულების გათვალისწინებით, საზოგადოებას გააჩნია საფუძვლიანი მოლოდინი, იგრძნოს და დაინახოს მისი სამართლიანობა, დიდსულოვნება, მიუმხრობლობა, შორსმჭვრეტელობა, პროფესიონალიზმი, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს სიყვარული. ამ მოლოდინის გაწბილება - დაუშვებელია!
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ როგორც წინასაარჩევნო, ასევე, არჩევნების დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა უზრუნველყოს არა რომელიმე ჯგუფის, არამედ, უკლებლივ ყველა მოსამართლის ინტერესების გამოხატვა, სამართლიანი საარჩევნო პროცედურების მეშვეობით სრულფასოვანი თვითმმართველობის განხორციელება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ნებისმიერი ჩარევისაგან, არ დაუშვას სასამართლო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენება მოსამართლეთა თავისუფალი ნების დასათრგუნად.
საქართველოს სამოსამართლო ეთიკის მოქმედი წესების მიხედვით: "საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას."
სახელმწიფო არის მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტი. მოსამართლე, თავის მხრივ, არის სამართლიანობის გარანტი. სასამართლო სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დამფუძნებელი და შემოქმედი მოსამართლეთა კორპუსი ხდება სწორედ 9 ივნისს! ამ უმნიშვნელოვანეს ვითარებაში, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა და სასამართლო ეთიკის დარღვევა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. სამართლიანი სასამართლო სისტემის, შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიწევს. შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლმსაჯულების ინტერესებს.
გადამწყვეტია მოსამართლეთა დამოკიდებულება იუსტიციის უმაღლესი სკოლისადმი. მოსამართლის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, პრინციპულობა, კვალიფიკაცია, განათლების გზაზე გადის. მოსამართლის მანტია ამ სკოლაში იჭედება. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, როგორც უმნიშვნელოვანესი სასწავლებლის მაღალი სტანდარტებით ფორმირება, განმსაზღვრელია სამართლიანი სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისათვის.
არანაკლებ, ისტორიული მნიშვნელობის არჩევანის წინაშე დგას საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრის არჩევით, პარლამენტი მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დაფუძნებაში. საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლებმა უნდა გამოარჩიონ არა მხოლოდ უმწიკვლო რეპუტაციის პროფესიონალები, არამედ, სამართლებრივი სახელმწიფოს და მართლმსაჯულების მაღალი იდეებით გაჟღენთილი პიროვნებები, ვინც თავისი ცხოვრების წესით და საქმიანობით ეს უკვე დაადასტურა! ამგვარი არჩევანი კი, მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნებისგან დისტანცირებით არის შესაძლებელი.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო ვერ შედგება ძლიერი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. სასამართლო ეკუთვნის ხალხს და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფორმირების პროცესი თვალნათელი უნდა იყოს არა მარტო მხოლოდ მოსამართლეთათვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს კი, თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკური ნება, სამართლებრივი გარემო, საზოგადოების მართლშეგნება, პატიოსანი და პრინციპული, მიუკერძოებელი სასამართლო კადრი. ამ პროცესის მნიშვნელოვნების ვერგანჭვრეტა ისტორიაში შევა, როგორც უპატიებელი გულგრილობა და სულმოკლეობა საქართველოს აწმყოსა და მომავლის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.