დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ფრენა პარლამენტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. პარლამენტის ყველა წარმომადგენელი, როგორც დეპუტატი, ასევე
აპარატის თანამშრომელი "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავით მგზავრობის საფასურს საკუთარი ჯიბიდან დაფარავს. ამის თაობაზე ჟურნალისტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ აცნობა.
10.00 საათზე, რეისი - თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით "აირზენას" საჰაერო ფრენა შესრულდა, რომელიც კვირაში სამჯერ განხორციელდება. როგორც ცნობილი, ა მგზავრობის ღირებულება 89 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წარმომადგენლებისათვის 50%-იანი ფასდაკლებაა.
"ეს რეისი ძალიან მოსახერხებელია საქართველოს მოსახლეობისათვის, ვისაც დასავლეთში ხშირად უწევს წასვლა. პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის კი 50%-იანი ფასდაკლებაა შემოთავაზებული. ამასთან, რამდენადაც კომპანიის ხელმძღვანელობისგან ვიცი, რეისი არის როტაციული და ბილეთის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
მისი თქმით, ქუთაისის მიმართულებით საჰაერო რეისის დანიშვნა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე უცხოურ დელეგაციებს უწევთ პარლამენტში ჩამოსვლა, რაც გაცილებით უფრო მოსახერხებელი და მარტივი იქნება თვითმფრინავით, ვიდრე ავტომობილით.
რეისი 10.00 საათზე შესრულდა და 21.00 საათისათვის თვითმფრინავი თბილისში დაბრუნდება.
დღეს ქუთაისში მხოლოდ სამი დეპუტატი - დავით საგანელიძე, ეკა ბესელია, თემურ მაისურაძე, აგრეთვე, აპარატის თანამშრომლები გაფრინდნენ.