Summer Job–ისგან განსხვავებით, ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროგრამა გაგრძელდება

Summer Job–ისგან განსხვავებით, ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროგრამა გაგრძელდება

წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული საგანმანათლებლო პროგრამა "ასწავლე და ისწავლე" მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. Commersant.ge–სთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი პროგრამის დადებით მხარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში ჩამოყვანას ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს, ამასთან, პროგრამა უფრო დახვეწილი და მოქნილი გახდება, თუმცა მინისტრი პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ მათზე მუშაობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ: პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოხალისე მასწავლებლები ჩამოდიან და საქართველოს საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ინგლისურ და ჩინურ ენებს ასწავლიან.

ამჟამად, პროგრამაში 152 ინგლისური ენის უცხოელი მოხალისე მასწავლებელი და 10 ჩინური ენის ჩინელი მოხალისე პედაგოგია ჩართული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტური დასაქმების პროგრამას „Summer Job“–ს წინა ხელისუფლების პოლიტიკური პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის აღარ გაგრძელდება.