კულუარებში მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობენ. ნიკა რურუა, ხათუნა კალმახელიძე, ანდრია ურუშაძე და ბაჩო ახალაია – ეს ის სახელებია, რომლებსაც, შესაძლოა, მალე შემცვლელები მოუძებნონ. იტალიაში მყოფ კულტურის მინისტრზე, ნიკა რურუაზე უკვე ამბობენ, რომ გაქცეულია, თუმცა, არავინ იცის, რას ეფუძნება ეს ხმები. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის სასჯელს – ხათუნა კალმახელიძეს, იმის მიუხედავად, რომ ბევრს არაფერს ეკითხებიან, ალბათ, მაინც გადაატეხენ ჯოხს, რამეთუ სისტემაში არსებული განუკითხაობა ფორმალურად ებმის მინისტრის სახელს. მალე გაირკვევა, შეცვლის თუ არა სანდრო ურუშაძეს დიმიტრი შაშკინი, როგორც ამას ქართული პრესა ამტკიცებს, მაგრამ ბაჩო ახალაიას რომ თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშორებენ, ეს გადაწყვეტილი ამბავია.
ბაჩო ახალაიას საკითხი საქართველოს ხელისუფლებას დამოკლეს მახვილივით კიდია თავზე. უფრო მეტიც – ახალაიას თემა დიდი ხანია დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის უთანხმოების მიზეზია, რაც „ვიკილიქსის“ მასალებითაც დასტურდება. თეთრი სახლი არ მალავდა, რომ ახალაიას თავდაცვის მინისტრობით შეშფოთებული იყო, მაგრამ სააკაშვილი შეეცადა ამერიკის ადმინისტრაციის ყურადღება ახალაიას სხვა „ღირსებებზე“ შეეჩერებინა, რითაც ახალაიას საკითხი დროებით გააჯანჯლა.
თუმცა, დასავლეთი მალევე გამოვიდა ახალაიას „ხიბლიდან“ და ბოლო დროს თემამ კვლავ აქტუალობა შეიძინა, მაგრამ ახალაია არც ისე მარტივად ხელწამოსაკავი ფიგურაა ყველა იმ უღირსებობის გამო, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სააკაშვილს. ჯერჯერობით, ახალაია ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სააკაშვილი მეტ-ნაკლებად ენდობა, მერაბიშვილზე მეტადაც კი. სამეგრელოს სოფლებში ზონდერ-ჯგუფების მობილიზების იმ ფაქტებზე, რომლებსაც მამა-შვილები, ახალაიები კურირებენ, presage.tv უკვე წერდა. რაზმების დაკომპლექტებით კი, უშუალოდ, შსს-ს ჩინოსნები, ძმები - დიმიტრი და დათო ჭაკუები არიან დაკავებულები.
ასე რომ, სანამ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ჰაერში კიდია, ახალაიაზე უკეთეს საყრდენს სააკაშვილი ძნელად თუ იპოვის და ამიტომ, მიშას უამრავ საზრუნავთაგან ერთ-ერთი ბაჩო ახალაიაა - თუ როგორ განარიდოს ამერიკის მახვილ მზერას მისთვის ესოდენ საჭირო ჯალათი.
როგორც კულუარებში ჩურჩულებენ, სააკაშვილის ფანტაზია იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ ვერსიად ბაჩო ახალაიას შს-მინისტრადაც განიხილავს, ხოლო ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრად გადაიყვანოს. თუმცა, ეს მხოლოდ განსახილვევლი ვერსიებია და ვერ დავამტკიცებთ, რომ ყველაფერი ამ გეგმით განხორციელდება, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები არ შეიძლება პოლიტიკური კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ.
ვანო - მიშას პრობლემა თუ პრობლემიდან გამოსავალი
ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილის შსს-დან მოკვეთა დაუჯერებლადაც გამოიყურება, მაგრამ ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის რეალობამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააჩინა, უმრავლესობაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პირველ რიგში კი, ნაციონალებში უნდობლობამ და ეჭვმა დაისადგურა. სააკაშვილს ეჭვი ეპარება ვანო მერაბიშვილში, გიგი უგულავაში და თვით გიგა ბოკერიაშიც კი. გიგი უგულავა, რომელიც აქამდე ადეიშვილ-ბოკერიას ფრთისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილებოდა, ძალიან მალე უარყოფილ იქნა. ბოკერია-რამიშვილმა უგულავას კანდიდატურა კი უარყვეს, თუმცა საკუთარი რჩეული ჯერ არ დაუსახელებიათ. როგორც ჩანს, უგულავა მიშამაც მოიძულა და მერიის ტენდერების საქმე ადეიშვილს შესასწავლად გადაულოცა. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ უგულავას ზედმეტი ამბიცია შეაწუხებს, ამ ამბიციებს ადეიშვილი დაუოკებს.
ჯერჯერობით, სააკაშვილი ზურაბ ადეიშვილზე და ბაჩო ახალაიაზე ამყარებს იმედებს და ივანიშვილის წინააღმდეგ სწორედ მათ ამუშავებს. სამართლებრივი მხარე ადეიშვილს აქვს ჩაბარებული, ხოლო თუ საჭიროება ძალის გამოყენებას მოითხოვს, საქმეში ბაჩო ახალაია ჩაერთვება. შესაძლოა, ამიტომაც მიაჩნია სააკაშვილს ახალაიას შსს-ში გადმოყვანა მიზანშეწონილად, მაგრამ აქ სავარაუდოდ სხვა პრობლემა იჩენს თავს.
ნორმალურ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილს მარტო გირგვლიანის საქმე ეყოფოდა, რომ არა თუ თანამდებობა, თავისუფლებაც შეზღუდოდა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. თუმცა, დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს და აქ სხვა ფაქტორები მუშაობს. ვანო მერაბიშვილმა კარგი მენეჯერის მართლაც შესანიშნავი უნარი გამოავლინა – პოლიცია სტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია ქვეყანაში. უბრალოდ სხვა საქმეა, რომ ეს ინსტიტუტი ხალხის წინააღმდეგ მიმართეს. ვანომ პიროვნულად იყიდა თითოეული პოლიციელი და მერაბიშვილი იმ იშვიათ მინისტრად იქცა, რომელსაც პატივს სცემენ და, სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც რიგითი პოლიციელებიც კი უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ, ვანოს მზეს ფიცულობენ.
რთული წარმოსადგენია, რომ სისატიკითა ცნობილმა ბაჩო ახალაიამ მერაბიშვილის ტრადიციები გააგრძელოს. ასე რომ, მისი შსს-ში მისვლა შესაძლოა, სისტემის რღვევის მიზეზი და, შესაბამისად – მიშას წარუმატებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს. ამაზე ალბათ, თავად სააკაშვილსაც ექნება ნაფიქრი და, გარდა ამისა, მან მსგავსი ცვლილების შედეგი უკვე იგემა ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში. ვანოსთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრს ნიშნავს და არავინ იცის, რა რეაგირებას მოახდენს, თუ არჩევანს არ დაუტოვებენ.
ჯერჯერობით, უცნობია სააკაშვილმა მერაბიშვილის შსს-დან გადაყვანაზე ფიქრი მხოლოდ ახალაიას ფაქტორის გამო მიიღო თუ ეს აზრი მას გიგა ბოკერიამ და ლევან რამიშვილმა ჩააწვეთეს. მერაბიშვილი ბოლო დროს საჭიროზე მეტად გაძლიერდა და ამან, როგორც ჩანს, ე.წ. „ლიბერალებიც“ ისე შეაფიქრიანა, რომ ლევან რამიშვილმა შსს-ს ფუნქციების შეკვეცა მოითხოვა. როგორც პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რამიშვილის შეშფოთება მერაბიშვილის ზედმეტი დამოუკიდებლობით არის გამოწვეული და ეს შფოთი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე დაფიქსირდა.
ახლა, როცა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ხელისუფლების პოზიციები სერიოზულად შეასუსტა, მიხეილ სააკაშვილს შეშფოთების საფუძველი რეალურად უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ჰქონდეს თუ არა ანალოგიური საფუძველი გიგა ბოკერიას, ეს სამკითხაოა. ვინ იცის, იქნებ გიგას და ვანოს ბიძინასთან ერთად მოუწიოთ მიშას გასანეიტრალებლად ბრძოლა.
***
გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილს გამოჩენამდე დაიწყო დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება. ამ ჯგუფს უკვე გადაწყვეტილი აქვს - მიშა უნდა წავიდეს!!! ჩვენი ე.წ. ლიბერალები ვიწრო წრეში სააკაშვილის კრიტიკიდან უკვე გინებაზეც გადავიდნენ. მათ კარგად იციან, რომ სააკაშვილი მათთვის უკვე ბალასტია, მაგრამ ჯერ იმის დრო არ დამდგარა, რომ მკაფიოდ გაემიჯნონ პრეზიდენტს, რომელსაც ზურგს უკან დასცინიან კიდეც.
ბოკერია დიდი ხანია ცდილობს ამერიკის ადმინისტრაციის დარწმუნებას, რომ სააკაშვილის წასვლას მისი ფრთა თავად უზრუნველყოფს, მაგრამ სანაცვლოდ ხელისუფლების გადმობარებას ითხოვენ. პრაქტიკულად, ეს წარმოუდგენელი სცენარია - ბოკერია, რამიშვილი, ბენდუქიძე და ე.წ. ლიბერალები სააკაშვილზე მეტადაც კი აღიზიანებს საზოგადოებას, რაც მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლას პრაქტიკულად გამორიცხავს.
რეალურად, ვიღებთ სურათს, სადაც რამდენიმე ჯგუფი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს და ყველა ყველას უპირისპირდება, სანამ ბოლოს მათი ინტერესები საერთო არ გახდება. ვის წინააღმდეგ მოხდება ამ ინტერესების გაერთიანება, ეს ბევრ რამეზე და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პოზიციების სიმყარეზე იქნება დამოკიდებული. ფაქტები, პარალელები და ლოგიკა - დღეს მხოლოდ ესღა დაგვრჩენია იმის გამოსაცნობად, რისთვის ემზადება თითოეული მათგანი და პირველ რიგში - მერაბიშვილი.
***
2001 წლის აპრილი - ვანო მერაბიშვილი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის რეფორმატორ ბარტყად ითვლებოდა, როცა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს სკანდალური ინტერვიუ მისცა და შევარდნაძე და მმართველი პარტია მკაცრად გააკრიტიკა. ამის გამო, თანაგუნდელებთან და განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიასთან მძიმე საუბარიც კი ჰქონდა. მაშინ კობა დავითაშვილმა თქვა: „ვანოს ეს ალალობით მოუვიდა და ასეთი თვისება არ უნდა დაისაჯოსო.“ თუმცა, ეს ამბავი სულაც არ იყო გამოწვეული ვანოს სიალალით. ჟვანიასგან განსხვავებით, ვანოს სულაც არ ჰქონია მძიმე საუბარი რეფორმატორ მიხეილ სააკაშვილთან და „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამორჩეულ სახეებთან – გიგა ბოკერიასთან და ლევან რამიშვილთან.
ვანო, რომელსაც მანამდე თავი არაფრით გამოუჩენია, უცებ პოპულარულიც გახდა და, რაც მთავარია, ეს იყო პირველი ბზარი, რომელიც მან მაშინდელი მმართველი პარტიის რღვევის პროცესში შეიტანა. დღეს ვანო მერაბიშვილს ნაციონალური მოძრაობა არავისთან გაუკრიტიკებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ვანოსადმი ცნობილმა მიმართვამ თავისი საქმე გააკეთა. ვანოს უკვე ეჭვის თვალით უცქერიან და არა მხოლოდ ამ მიმართვის გამო. სააკაშვილს აუცილებლად გაახსენდებოდა 10 წლის წინანდელი შემთხვევა, რომელმაც უჩინარი ვანო გმირადაც კი აქცია. ახლა კი, რას უნდა ნიშნავდეს ივანიშვილის სიტყვები? დგას თუ არა ამის მიღმა რაიმე ისეთი, რაც უყურადღებოდ დარჩა სააკაშვილს? ვნახოთ – ამას დრო გამოაჩენს, ხოლო მანამდე ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა ქრონოლოგიას მივყვეთ და დღევანდელობასთან პარალელები ვეძიოთ.
***
დასავლეთმა, და კონკრეტულად – ამერიკამ, პირველი მარცვალი საქართველოში რევოლუციური ცვლილებებისთვის „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე წლით ადრე ჩააგდო. უზარმაზარი თანხები გამოიყო სამოქალაქო სექტორის და მედიის გასაძლიერებლად, რომელსაც პროცესებზე უნდა მოეხდინა გავლენა და დამყაყებული რეჟიმი რეფორმატორი ხელისუფლებით შეცვლილიყო. ამის მიუხედავად, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში ამერიკა მის მიერ გაძლერებულ რევოლუციონერებს შორიდან აკვირდებოდა, ხოლო მთავარი აქტორი რუსეთი აღმოჩნდა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში – ერთხელ ედუარდ შევარდნაძე დააბინავა კრწანისის რეზიდენციაში, ხოლო მეორედ, ასლან აბაშიძე აჭარას გაარიდა უვნებლად.
დღეს რეალობა ბევრით არ შეცვლილა. მიუხედავად მტრული დამოკიდებულებისა, რუსეთის ფაქტორი საერთაშორისო ასპარეზე არა თუ არ გამქრალა, უფრო გაძლირდა. დიდი ალბათობით, ამერიკა პირდაპირ არც ამჯერად ჩაერევა საქართველოს შიდა პროცესებში. ჩარევა კი, ალბათ, აუცილებელი გახდება, რადგან შიდა კულუარებში სუბრობენ იმაზეც, რომ სააკაშვილი, ბოკერია-რამიშვილი და ვანოც კი, გარანტიებს ითხოვენ. ეს გარანტიები ყველასთვის სხვადასხვაგვარია და ამ გარანტიებს ამერიკა ვერავისთვის ვერ უზრუნველყოფს, მითუმეტეს – რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად. რუსეთის სათქმელი კი აქ ვინმემ უნდა თქვას, მაგრამ რუსეთის ელიტასთან სააკაშვილს პიროვნული მტრობა აკავშირებს და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან „იგორ ივანოვსაც“ არ უნდა ველოდოთ. თუ გავითვალისწინებთ ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს ვანო მერაბიშვილის „რუსეთის კაცობაზე“, რატომ არ შეიძლება ასეთი „ივანოვი“ სააკაშვილისთვის სწორედ ვანო იყოს?
ბიძინა ივანიშვილმა პირველივე განცხადებაში თქვა, რომ ის დასავლეთისკენ იღებს ვექტორს და პარტნიორებიც დასავლური ორიენტაციის შეარჩია - თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები. ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზეც ისაუბრა, რაც ყველა ხელისუფლების საზრუნავია, მაგრამ, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, დღევანდელ ხელისუფლებას ამის ყველა რესურსი ამოწურული აქვს და ამითაც აიხსნება ის თავშეუკავებელი და არადიპლომატიური განცხადებები, რომელსაც უმრავლესობა აკეთებს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ეძებს პუტინთან შერიგების გზებს და ამ მიზნით რუსეთშირამდენჯერმე მსტოვრებიც კი აფრინა, მაგრამ – უშედეგოდ.
ამ ფონზე, ვანო მერაბიშვილი ამ ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელზეც რუსეთის პოლიტელიტაში განსხვავებული აზრი აქვთ. რუსებს მოსწონთ ქართული პოლიცია და რეფორმატორი ვანო. ვანოს ხშირად სატუმრობენ რუსი ჟურნალისტები და, სააკაშვილსგან განსხვავებით, ვანო არასოდეს ხდება რუსული მედიის დაცინვის ობიექტი. პირიქით – მერაბიშვილს ქართულ მედიაზე მეტად რუსული მედია წყალობს. თუ ამას მეზობელ ქვეყნებში რუს ძალოვნებთან საიდუმლო სერობებს დავუმატებთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა როლს თამაშობს ვანო მერაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობებში?
და კიდევ ერთი დეტალი – ჩვენთვის უცნობია, იცოდა თუ არა მერაბიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ, და მართლია თუ არა ხმები, რომ ამერიკამ სწორედ რუსეთის დახმარებით მოასუფთავა ივანიშვილისთვის საქართველოში პოლიტიკური ველი, და რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა წინასწარ კარგად გათვლილი სცენარია, რომელიც სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის შანსს არ უტოვებს? თუ ეს ყველაფერი მართალია, გამოდის, რუსეთ–ამერიკამ ოპოზიციის საკეთებელი თავად გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, სახეზეა, რომ ქართული პოლიტიკურ სპექტრს სიმსივნეების გასანადგურებლად ქიმიოთერაპიის სრული კურსი ჩაუტარეს, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნულს გაუტოლდა და ახლა, ჩავარდნილი უსიცოცხლო ორგანიზმის გაცოცხლება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დაიწყო კომაში.
თუ ივანიშვილი-ალასანია-უსუფაშვილი დასავლეთთან არიან მჭიდროდ დაკავშირებული, რასაც ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა ელჩების ივანიშვილთან აუდიენციამ, საინტერესოა, ვის ეყრდნობა რუსეთი საქართველოში? ბურჯანაძე და ოქრუაშვილი?.. არასერიოზულია – დღეს მათი რესურსები ნულის ტოლია. შალვა ნათელაშვილი სწორედ ის კიკუა, რომელსაც სხვას ეძახის და მას უკვე საკუთარი გუნდის წევრებიც არ ენდობან, არა თუ რუსეთი. ქრისტიან-დემოკრატები და ახალი მემარჯვენეები?.. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საიმისო პრინციპები არ გააჩნიათ, ვინმესთვის, ან რამისთვის ბოლომდე რომ იბრძოლონ.
„ეროვნული ფორუმი“?.. ბევრი კითხვა გააჩინა თუნდაც იმ ფაქტმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დაიყენა გვერდით. კახა შარტავასთანაც ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ შარტავას „ფორუმიდან“ წასვლის გადაწყვეტილების მიღება უჭირს. და კიდევ, საინტერესოა რა პასუხი მიიღო ივანიშვილმა გუბაზ სანიკიძისგან „ფორუმის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით და თუ მიიღო, ამის შემდეგ, რატომ ვერ ვხედავთ ამ ძალას ივანიშვილის გვერდით? ან, რატომ იხსენიებენ „ფორუმს“ და ვანო მერაბიშვილს ერთ კონტექსტში?
გამომდინარე იქიდან, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, ლოგიკა გვკარნახობს, რომ რუსეთს საქართველოში მერაბიშვილზე უკეთესი დასაყრდენი არ ყავს და ეს ბადებს კითხვას – ეს ხომ არ იყო მიზეზი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ასე, პირდაპირ მიემართა მერაბიშვილისთვის? „ვანო, უთხარი, წავიდეს სააკაშვილი“ – რას ნიშნავდა ივანიშვილის ეს ფრაზა, ზუსტად, ვანო მერაბიშვილის გარდა, დღემდე არავინ იცის და ნიშნავს თუ არა ეს, რომ სააკაშვილის „იგორ ივანოვი“ სწორედ მერაბიშვილი იქნება?
ეს მხოლოდ იმ ხმებზე დაფუძნებული ვარაუდებია, რაზეც კულუარებში საუბრობენ, მაგრამ შესაძლოა, სცენარი სხვა მიმართულებით განვითარდეს. მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს აღარ ენდობა. შესაძლოა, ვანო კვლავ შს მინისტრად დარჩეს, რადგან მისი სამინისტროდან გადაყვანა ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირების სერიოზული ნიშანი იქნება, რაც ჯერ არავის აწყობს. თუმცა, პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ მერაბიშვილს „ფრთებს“ თანდათან შეუკვეცავენ(?!).
მიშა - არშემდგარი პინოჩეტი
რამდენიმე კვირის წინ, სააკაშვილი უახლოეს გარემოცვას უმტკიცებდა: „პინოჩეტი ვარ, არაფრის შეგეშნდეთ, არაფერს გაგიჭირვებთ, მიაწექით ბოლომდე იგრიალეთ“. თუმცა, სააკაშვილს მხედველობიდან ერთი რამ გამორჩა – მისი რეჟიმი პინოჩეტის მმართველობის სასტიკ რეჟიმამდე ვერ ქაჩავს და არც საქართველოა ჩილე, რომ იმას ელოდონ, სააკაშვილი როდის გაისტუმრებს საიქიოს 2000 პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. გარდა ამისა, პინოჩეტმა ის მაინც შეძლო, რომ ქვეყანაში ადგილობრივი მეურნეობა და ბიზნესი განევითარებინა, რაც რეალურად, და არა -ქაღალდზე, ასახავდა ჩილეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მატებას. სააკაშვილის მონდომება კი შუშის ხიდს, ველოსიპედსა და „შლოპანცებს“ ვერ გასცდა, ხოლო ადგილობრივი მეურნეობის ხელშეწყობა, მთელი ამ ხნის განმავლობაში „კანისტერბით“ დარიგებული საწვავით შემოიფარგლებოდა, რაც წელს, უხეიროდ გაკეთებული ჰიბრიდული სიმინდის პროექტით დაგვირგვინდა.
ახლა უკვე, როცა 5–მილიარდიანი დახმარებაც იწურება, ხოლო მსოფლიოს წინ ახალი ეკონომიკური კრიზისი ელოდება, არ შეიძლება სააკაშვილს ეს შფოთის საფუძველს არ აძლევდეს. სააკაშვილმა ეს პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილთან რომც მოიგოს და პრემიერად მოგვევლინოს, საინტერესოა როგორ ხედავს საკუთარ მომავალს? მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში რამდენჯერმე გარკვევით აუხსნეს, რომ ისინი საქართველოს მხარდაჭერას მანამ გაარძელებენ, სანამ საქართველო რუსეთის ანტიპოდად განიხილება. სააკაშვილის გაპრემიერება კი საქართველოს პუტინიზაციას გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ამერიკა ახალ „გადატვირთვას“რომ არ გამოაცხადებს საქართველოსთვის - ცხადია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.
„ქართული ეკონომიკა“ – ასეთი ცნება საერთოდ დავიწყებას მიეცა. ინვესტიციები არც აქამდე შემოდიოდა ქვეყანაში და რამაზ ნიკოლაიშვილმა ბადე საქართველოს მთელ საზღვარს რომ შემოავლოს, ლიფსიტა ინვესტორსაც კი ვერსად დაიჭერს. სააკაშვილი იმ რამდენიმე ერთეული ბიზნესის იმედზეც ვერ იქნება, რომლებიც რეჟიმს აქამდე კვებავდნენ. ქვეყანაში ფული არ ბრუნავს და, კურტანიძემ და ოქრიაშვილმა საკუთარ საავადმყოფოებში თავადვე უნდა მიირთვან თავიანთივე შემოტანილი წამლები. სააკაშვილმა სხვა დანარჩენი ბიზნესებიც ლიმონივით გამოწურა და მომავალში მათი იმედი ნუ ექნება. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ლამის, მთელ საქართველოს ინახავდა, მიშას დაუპირისპირდა.
მოკლედ, სააკაშვილს წინ კარგი არაფერი ელოდება. მისთვის ახლა საუკეთესო გამოსავალია მშვიდობიანად გაეცალოს ხელისუფლებას. საქართველო არც ლიბიაა და არც ეგვიპტე, ეს უმნიშვნელო რესურსების მქონე პატარა ღარიბი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა იმაზე უფრო მშიერია, ვიდრე კადაფის მკვლელები და გამაუპატიურებლები იყვნენ. დანარჩენი სააკაშვილმა თავად განსაჯოს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - რუსეთის ფაქტორი. ერთი წუთით გავიხსენოთ აგვისტოს ომის რამდენიმე კადრი და წარმოვიდგინოთ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ეულად დარჩენილი სააკაშვილი პუტინის წინააღმდეგ... არ ფიქრობთ, რომ ლიფტში გაჭედვაც აღარ დასჭირდება?...