ეგვიპტის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების დაკავებისთვის ბოდიში ოფიციალურად მოიხადა, - ამის შესახებ "ტელეიმედთან" საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა. "ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია. ჰურდაგის პოლიციამ ბოდიში მოიხადა, ხოლო გადამღები ჯგუფი ჰურგადაში მუშაობას აგრძელებს", - აღნიშნა ელჩმა.
ეგვიპტის ადგილობრივმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰურგადას პოლიციამ კუნძულ-ნაკრძალზე საქართველოს მოქალაქეები პორნოფილმის გადაღებებისას დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კუნძულზე ქართველების ჯგუფი ფოტოსესიას მართავდა. ამ დროისთვის ეგვიპტეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებული არიან.
"საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ჰურგადაში - წითელი ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც ეგვიპტის პოლიციის ინფორმაციით, ფოტოსესია მიმდინარეობდა. დაკავება მოხდა გუშინ. საელჩომ ყველა შესაბამისი ზომა განახორციელა. გუშინვე შედგა საუბარი პოლიციასთან და ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებული არიან. პოლიციამ ეჭვი შეიტანა და საქმის ვითარების გარკვევისა და შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით საქართველოს მოქალაქეები დააკავა, მაგრამ ამ ეტაპზე საკითხი გარკვეულია", - აღნიშნა არჩილ ძულიაშვილმა.