სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა , ადამიანებმა ტელევიზიისა და პრესის მიხედვით ბევრი რამ იციან, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია.
"რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა – ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ – ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა "ბიბლიას" და შემდეგ სხვა წიგნებს", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა სტუდენტობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი თანაკურსელების ნაწილი მხოლოდ ლექციით კმაყოფილდებოდა, ნაწილი კი სადილის შემდეგ ბიბლიოთეკაში მიდიოდა და ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ წიგნებს ეძებდა. უწმინდესის განმარტებით, მეგობრის გავლენით თავადაც იყო დაინტერესებული ფილოსოფიური ლიტერატურით, თუმცა ვინაიდან მაშინ ამგვარი წიგნების კითხვა იკრძალებოდა, მეგობრებთან ერთად ჩუმად კითხულობდა.
"მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით უნდა გაივსოს. იქ ვნახავთ უამრავ საინტერესო წიგნს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. შაბათობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები და ჩვენ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ციტირების წესის დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წიგნიდან ციტირებისას უნდა მიეთითოს ავტორის გვარი და სახელი, წიგნის დასახელება, გამოცემის წელი და გვერდის ნომერი. "ჩვენს სასწავლებლებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სასვენ ნიშნებს – სად უნდა იყოს წერტილი, სად – მძიმე, წერტილ-მძიმე ან ორწერტილი. ეს ადამიანის კულტურის მაჩვენებელია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება. ღმერთმა მოგცეთ ძლიერი, მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოება და დიდი ცოდნა", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ასევე დალოცა რამდენიმე გვარი და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი.