"საზოგადოება არ უნდა გამოდიოდეს კვერცხების როლში..."


"რეზოლუცია ნამდვილად მნიშვნელოვანია, წინადადება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ჩაითვალოს - ადრეულ დოკუმენტებში არ ყოფილა. ეს ყველაფერი ხაზგასმულია და ორ თუ სამ ადგილას განმეორებული. ეს მართლაც უნდა ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად. დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიცაა - მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ შეასრულოს ცნობილი 6-პუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე; რომ დევნილები უნდა დაუბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებს და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს და ა.შ. მაგრამ ამავე დროს ჩვენ მიმართ არის ნათქვამი, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დავიწყოთ და რომ აუცილებლად უნდა შედგეს დიალოგი", - აცხადებს პოლიტოლოგი კოტე ჟღენტი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო" / "საზოგადოება არ უნდა გამოდიოდეს კვერცხების როლში..."

"იქვე ნათქვამია ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზაც, - თუ დაპირისპირებული მხარეების პირდაპირი დიალოგი ვერ შედგება, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას ითამაშოს მედიატორის როლი, ოღონდ ეს მედიატორობა არ უნდა იყოს ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ტერიტორიული უფლებებისა, მაგრამ არ არის ის, რაც განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ, რომ ამ რეზოლუციით მოხდა რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და ასე შემდეგ. ასეთი რამ იქ არ წერია. რეზოლუციაში არავითარი ორმაგი აზრი არ დაფიქსირებულა და ის უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც ავტორებმა დაწერეს. ჩვენი ხელისუფლება, როგორც ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, ამ დოკუმენტსაც მხოლოდ საკუთარ გამარჯვებად განიხილავს და წარმოაჩენს. ანუ ხედავს იმას, რაც მოსწონს და რასაც ეთანხმება, ხოლო სხვა დანარჩენს არც ახსენებს, თორემ, იქ იყო ლაპარაკი დემოკრატიის განვითარებაზე, სასამართლო სისტემაზე, მედიის თავისუფლებაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჟღენტი.

"ასეთ ორმაგ სტანდარტებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე მივეჩვიეთ. რეზოლუციაში არის წინადადება, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპოზიციას მისცენ საშუალება, თანაბარ გარემოში გაუწიოს კონკურენცია. წინადადება, რომელიც ივანიშვილს ეხებოდა და მისი გვარ-სახელიც იყო ნახსენები - პოლიტიკური ოპონენტის მიმართ არაპროპორციული ძალების გამოყენება - ავსტრიელმა სოციალ-დემოკრატებმა წამოაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს შეიტანეს შერბილებული ვარიანტიც, სადაც ივანიშვილის სახელი და გვარი არ ეწერა და იყო ლაპარაკი ზოგადად, პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, დიდი დებატების შემდეგ, ის ტექსტში არ შევიდა. საქართველოს ხელისუფლების დაქირავებული ლობისტები მუშაობენ ამერიკაშიც და ევროპაშიც, არიან ყველგან და ის, რომ ევროპარლამენტში ამ წინადადების წინააღმდეგ აქტიური მუშაობა მიდიოდა, ნათელია", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ ამ წინადადებას რუსები ლობირებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, - არანაირი კავშირი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით ევროპარლამენტში გასულ დეპუტატს რუსეთთან არ აქვს. არასოდეს ის რუსეთთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. ასე რომ, ეს თითიდანაა გამოწოვილი. ევროპარლამენტი ყოველთვის ცდილობს, არ გაამწვავოს სიტუაცია და კონკრეტული გვარ-სახელებით არ ილაპარაკოს, მით უმეტეს, თუ წინასაარჩევნო პერიოდი ახლოვდება. შეიძლება ბევრმა პარლამენტარმა იფიქრა, რომ ასეთი გამწვავება, პირიქით, ხელს შეუშლიდა საქართველოში ახალჩამოყალიბებულ ოპოზიციურ გაერთიანებას... სხვათა შორის, ეს სიმართლესთან ახლოსაც არის - შესაძლოა, ასე მკვეთრად საკითხის დასმას პირუკუ შედეგიც გამოეწვია საქართველოში. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპარლამენტში ყველაფერი ითქვა და ყველამ ყველაფერი გაიგო", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"ქართუს~ მხრიდან არანაირ პოლიტიზებასთან საქმე არ გვაქვს - ეს არის კერძო ბანკი და ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. ივანიშვილმა კი თვე-ნახევრის წინ განაცხადა, რომ ის მოდის პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს და არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ თუკი ადამიანი ფლობს საკუთრებას, პოლიტიკაში მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი უნდა გააჩუქოს და ყველაფერზე უარი თქვას, ან ის ფული, რომელიც აქტივში აქვს, აღარ გამოიყენოს. მაგალითად, ბერლუსკონი, იტალიაში რამდენიმე ბანკისა და სამი ტელევიზიის მფლობელი იყო, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. არავის უბრძანებია მისთვის, საკუთრებაზე უარი ეთქვა. არადა, ბერლუსკონი, ივანიშვილისგან განსხვავებით, უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და თუ მოთხოვნაა, სწორედ მისთვის უნდა მოეთხოვათ ასეთი რამის გაკეთება", - განმარტავს კოტე ჟღენტი.

"ცხადია, ამ ქონებას სხვები მართავდნენ და არა ბერლუსკონი. რა თქმა უნდა, არც ბატონი ბიძინა მართავს იმ ბანკს - როგორც ყველა ბანკს, "ქართუსაც" თავისი მმართველობა ჰყავს. ამიტომ არ არის გამართლებული, მოსთხოვო ივანიშვილს, გინდა თუ არა, ყველაფერზე უარი თქვი და უპოვარი გახდი, რაკიღა პოლიტიკაზე დაიწყე ლაპარაკიო. ან, რაში გამოიხატება "ქართუს" პოლიტიზება? ჩვენი ხელისუფლების სტილია, - გაღმა შეედავოს, რომ გამოღმა ვერავინ ვერაფერი თქვას. ბანკ "ქართუზე" ზეწოლა სწორედ მაშინ დაიწყო, რაც ივანიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა - თუკი სხვა, პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი საკითხები იყო ეროვნული ბანკისთვის მთავარი, მანამდე რატომ არ დაინტერესდნენ? თვითონ დაიწყეს საკითხის პოლიტიზება და ახლა "ქართუ ბანკს" აბრალებენ", - დასძენს პოლიტოლოგი.

"მართლა არ მახსენდება, რომელიმე ქვეყანაში გმირი მეფის ძეგლი გადაეტანათ და ველოსიპედის დაედგათ. გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ, თუმცა როცა ეს მთელ საზოგადოებას და ქალაქს ეკუთვნის, როდესაც ესა თუ ის ძეგლი არა ერთი პირის, არამედ ქვეყნისა და ქალაქის იმიჯზე მეტყველებს, მგონი, გემოვნება სადავოა. აქ უკვე კონსენსუსით, თუ არა საყოველთაო განხილვით, ხელოვნებათმცოდნეთა შორის მოლაპარაკებით მაინც უნდა გადაწყდეს ასეთი საკითხები... ძალიან მომეწონა ერთ-ერთი ტელეგადაცემის მორბენალ სტრიქონში გასული ფრთიანი ფრაზა: "შლოპანცი" საქართველოა, კვერცხები ჩვენ ვართ ყველაო..." ასეთი შთაბეჭდილება არ უნდა რჩებოდეს საზოგადოებას. მაპატიეთ და, საზოგადოება არ უნდა გამოდიოდეს კვერცხების როლში... გაუმართლებელია ძეგლი პროფესიონალთა აზრის უკითხავად დაიდგას. ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს იმას, რომელი ძეგლი მოიხსნას და რომელი დაიდგას", - დაასკვნის კოტე ჟღენტი.