თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ. ანკარაში აქცია სტამბულის აქციის სოლიდარობის ნიშნად დაიწყო.
როგორც უცხოური მედია წერს, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 20 000-მდეა და დემონსტრანტების რიცხვი თითქმის ყოველ წუთს იზრდება. ანკარის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დასაცავად დამატებით სამხედრო ძალები გამოიძახეს.
"გეზის პარკი ერთ-ერთი პატარა ნაწილია იმ სამარცხვინო ქმედებების, რასაც ერდოღანის მთავრობა სჩადის. ერდოღანი დიქტატორია. ჩვენ მის გადაგომას ვითხოვთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სტამბულისა და ანკარის გარდა აქციები თურქეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო.
როგორც ცნობილია, სტამბულის ქუჩებში გამოსული ათასობით თურქი ტაქსიმის რაიონში მდებარე "გეზი პარკის" რეკონსტრუქციას აპროტესტებს. სტამბულში, გუშინ, ტაქსიმის მოედანზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 138 ადამიანი დაშავდა, ათეულობით დემონსტრანტი კი დააკავეს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აღიარებს, რომ პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. "სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოების ძალების ქმედებაში იყო შეცდომები, განსაკუთრებით ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემთხვევაში. მინისტრთა კაბინეტი ამ საკითხს სწავლობს", - აღნიშნა ერდოღანმა.