გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასამართლო პროცესზე პირველად დანაშაულის ჩადენის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ციხეში მომხდარი ინციდენტი განიხილებოდა, ბარათელმა გურამ შარაძის მკვლელობა უარყო. მისმა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ კი ზეწოლაში ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე პროკურორად მუშაობდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბარათელმა მკვლელობა თავის თავზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მხრიდან ზეწოლის გამო აიღო. მისივე მტკიცებით, ბარათელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გიორგი ჩივიაშვილიც ახორციელებდა.
მამუკა ნოზაძის ბრალდებას გამოეხმაურა გიორგი ჩივიაშვილი. იგი ზეწოლაზე საუბარს სისულელესა და "იაფფასიან ტყუილს" უწოდებს. მისი თქმით, საქმის მიხედვით, გიორგი ბარათელი ერთადერთი ეჭვმიტანილი იყო და ყველა გარემოება მის დანაშაულზე მიუთითებდა.
გიორგი ბარათელი მსჯავრდებულია აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში. ბარათელი სასჯელს 2007 წლის 20 მაისიდან იხდის.