დიტო გელოვანი: კვერცხები ქარში

დიტო გელოვანი: კვერცხები ქარში

მაშინ ჯანი იყო, სულის საიმედო საბუდარი და გონებას მომავალ ცხოვრებაში დიდთა საქმეთა აღსრულების მკვიდრი რწმენა ჰქონდა... სწორი ხარ და კიდევ ერთი, იქნება სხვა დანარჩენზე მნიშვნელოვანი რამ გამოძრავებდა – წყურვილი იმისა, რომ საყოველთაო ძლადობისა და ტერორის გარემოში თავისუფალი ადამიანი ყოფილიყავი!.. ეეე, ეგ გრძნობა გაცნობიერებული არასოდეს მქონია. არ გეთქვა – არც ახლა მეცოდინებოდა. უფრო შინაგანი სწრაფვა იყო, რეაქცია ვითარებაზე, რომელშიც ვცხოვრობდით. ჩვენს ოჯახსა და უახლოეს გარემოცვაში ტრიალებდა ასეთი სული, სინამდვილისადმი დამოკიდებულება. ნიღაბი არავის უტარებია, შეგუებას არავინ ცდილა! სწორედ ამ შინაგან სწრაფვას შეეწირა ჩემი დედ–მამა, ნათესაობა და, საფიქრებელია, ამან განმისაზღვრა მთელი ცხოვრებაც...

(ჭაბუა ამირეჯიბი, „გორა მბორგალი“)

 

ყველაფერს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს შეგვახსენებს, ძეგლები უნდა დავუდგათ? ეგრეა? თუ ეგრეა, მაშინ, ის ველოსიპედიც გასაგებია, ე.წ. ვარდების მოედანზე რომ დადგეს, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი ველოსიპედით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ქეიფია – ქეიფი იყოს და, თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მოედნებზე, ალბათ, მალე ვიხილავთ ქვაში გამოკვეთილ ჰანტელებს, პრეზერვატივს და სწორი ცხოვრების სხვა სიმბოლოების სკულპტურებს. ავლაბრის რეზიდენციაში სხედან და მსჯელობენ, როგორი ფორმა უნდა ჰქონდეთ ჰანტელებს და პრეზერვატივი უხმარი უნდა იყოს თუ ნახმარი. მსჯელობენ რა... პრეზიდენტს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. ისიც გადაწყვეტილი აქვს, რომ ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით სადმე დაიდგმება ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ხუთმეტრიანი ქანდაკება.

 

ველოსიპედს შეგაძულებენ ეს ჩემის ორიათასსამიანები!

აბა, სცადეთ და კვერცხებზე გაიარ–გამოიარეთ.

ფრთხილად, ბატონებო, მამალი ძროხები ლაყე კვერცხებს დებენ!

 

მამალი ძროხის მორიგ კვერცხობა ასე ჟღერს: „შეიძლება გრძნობდე, რომ შენი ქვეყანა არ გაფასებს და არ ყავხარ ისეთ კვარცხლბეკზე, როგორიც დაიმსახურე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ შენი ქვეყანა გძულდეს და გაყიდო“.

 

დედალი ძროხები ტაშს უკრავდნენ და აღტაცებულები ბღაოდნენ და შემდეგ, როდესაც ბანკეტზე იცოხნებოდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ – საკმარისი საფუძველი რა არისო. „...ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ შენი ქვეყანა გძულდეს და გაყიდო“ – ლეგენდარული სიტყვებია, ლეგენდარული მოსაზრება. მარქსმა „კაპიტალი“ დაწერა, ენგელსმა – „ანტიდიურინგი“, ლენინმა – „რა ვაკეთოთ“, მიხეილ სააკაშვილი კი წერს სახელმძღვანელოს „საკუთარი ქვეყნის სიძულვილის საკმარისი საფუძვლები“. ესმის საგანი და, შეეკითხე, თუ გინდა.

 

„უმეტესობას არ აინტერესებს, რით ცხოვრობს ჩვენი ხალხი, მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ შენ ქვეყნის თავისუფლებაზე თქვა უარი, ეს არ არის საბაბი, რომ გაიქცე და მტერს ჩაეხუტო ან მტერს ასიამოვნო და კუდი უქიცინო“ – თქვა გასულ კვირაში სააკაშვილმა და, როგორც ჩანს, სახელმძღვანელო ორ ნაწილად გამოვა. „მტრისთვის სიამოვნების მინიჭებისა და მისთვის კუდის ქიცინის საბაბთა ძიების ნაციონალური ისტორია“ – ასეთი იქნება მეორე ნაწილის სათაური.

 

ჰა, ბიჭო, დაგადგეს კუდზე ფეხი?!

 

მოკლედ, მიშამ არ დაიზარა და, აფრქვია და აფრქვია სიბრძნე. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე – რამეს წამოროშავს და მერე პალიკო კუბლაშვილი დიდი, ჭრელი ცხვირსახოცით იმშრალებს ოფლიან თავს. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ხერხი სჯობია ღონესაო? სამართლებრივ სახელმწიფოში ღონე საერთოდ არ არსებობს, არსებობს ხერხი და ხერხს კანონის სახე აქვს. „მთავრობამ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევასთან დაკავშირებული ჯარიმების პატიება გადაწყვიტა. „ზოგიერთ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტში დღეს შევიდა“. მიშას შეუძლია აფრქვიოს და აფრქვიოს – პასუხი არ მოეთხოვება, ჭკუა არ მოეკითხება. ჰოდა, სარგებლობს კიდეც მომენტით.

 

„აი, რას ნიშნავს კლასიკური, გიგი უგულავას მოგონილი გამონათქვამი, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, ეს არის ძველი შენობების ახალი სიცოცხლე. ეს შენობა მსოფლიო არქიტექტურაში ერთ-ერთ მთავარ შედევრად ითვლება. ეს შენობა ძალიან შეესაბამება იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით საქართველოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც პასუხი არ მოეთხოვება და ჭკუა არ მოეკითხება. „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის გახსნის დროს განაცხადა.

 

თქვენი არ ვიცი და მე „საქართველოს ბანკის“ ოფისები (განსაკუთრებით – მარჯანიშვილის ფილიალი) საზოგადოებრივ ტუალეტებს მაგონებს. დიდი ფანტაზიით არ გამოვირჩევი და შესაძლოა ვცდები კიდეც შედარებებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ბრძენი არ არის. ხალხი ბრძენია. „ვისი ვისაში“ – ასე უწოდა ხალხმა იმ შენობას, რომელშიც აღნიშნული ბანკი განთავსდა. ხალხი ბრძენია და, ამავე დროს – ცნობისმოყვარეც. ხალხს აწუხებს კითხვები: „ვისი ვისაში?“, „ვისი, მიშასი?“ „ვისი მიშაში?“, „მიშა ვისაში?“

 

„საქართველოს ბანკი“ არის ნამდვილი ბანკი, რომელიც ეფუძნება ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებს“ – აფრქვევდა სააკაშვილი რომელიღაც უცხოურ გაზეთში ამოკითხულ მავნე ნივთიერებებს და უკვე ვიცით, რომ „ჯანსაღი ეკონომიკური მაჩვენებლები“ ნიშნავს პარტნიორი ბანკის დაყაჩაღებას.

 

ფეისბუქში არის ასეთი ჯგუფი – „ბანკი ჩვენი მტერია“. პატივი მაქვს, ვითვლებოდე ამ ჯგუფის პასიურ, თუმცა – სრულუფლებიან წევრად, სრულუფლებიანობა ხმის უფლებასაც გულისხმობს. წინადადება შემომაქვს, ჯგუფში შეიქმნას ქვეჯგუფები „საქართველოს ბანკი“ ჩვენი მტერია“ და „ეს ჩვენი სებ-ი (საქართველოს ეროვნული ბანკი) ამ ჩემისების მეგობარია“.

 

ამ ჩვენი სებ–ის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, რაც უფრო მეტი იქნება პოლიტიკური განცხადება „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობისგან, მით უფრო მეტი იქნება მეანაბრეების გადინება. „ანაბრების გატანის პროცესი ბუნებრივი რეფლექსია, რადგან მეანაბრეებს სურთ სტაბილურობა“ – ეს უკვე ვახტანგ ბალავაძის სიტყვებია.

 

რა არის, იცით? ხომ არსებოობს უფასო განცხადებების გაზეთები? ხალხი განცხადებებს აგზავნის, გაზეთი ბეჭდავს. თორმეტგვერდიანი შავ–თეთრი გაზეთის ბეჭდვა სულ 10–12 თეთრი ჯდება და, რამე რო იყოს, ხომ არ გაგვეკეთებინა უფასო დაგინებების გაზეთი, პირობითი სახელწოდებით „მაშ მტყუანს“, სადაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ გამოთქვან სურვილები, გამოხატონ გულისტკივილი, წამოაყენონ იდეები და ა.შ.

 

გაზეთში იქნება რუბრიკა „იმდენი შენი...“ და ამ რუბრიკის პირველი სტუმარი იქნება ბიზნეს–ომბუდსმენი გიორგი პერტაია, რომელმაც გასულ კვირაში თქვა, რომ „ქართუ ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას მხოლოდ მედიისგან იღებს. „ბანკს თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უნდა მომმართონ“ – აღნიშნა პერტაიამ.

 

ჰო, და თუ სტუპიცის პაჩებნიკი ხმას აიკიდებს, დავით სანიტარ–მესხიშვილს უნდა დავურეკო?

 

გაზეთ „მაშ მტყუანს“ გამოცემა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ქლიბთა ბელადი, დავით ბაქრაძე კი უკვე ფრთხილობს: „პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მასთან მაქვს ჩემი ადამიანური დამოკიდებულება, პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ შემიძლია“.

 

შალვა ნათელაშვილი აშშ–ში გაემგზავრა – ეს ფაქტია და გაზეთს არ აინტერსებს. გაზეთისთვის საინტერესოა ის, რაც ლეიბორისტული პარტიიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს – „ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრების წარმომადგენლებთან“.

 

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების არსებული სისტემით კმაყოფილია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის კიდევ უფრო დასახვეწია“ – ამოვიკითხე სააგენტოს ნიუსებში. გეუბნებით, გაზეთის იდეა კარგი იდეაა და კიდევ ერთი რუბრიკის იდეა გამიჩნდა – „ვის შეეწერა“. თუმცა, ამ რუბრიკის შემოღების შემთხვევაში 12 გვერდი არ იკმარებს, ერთი ამდენი კიდევ უნდა დავამატოთ.

 

მართლმსაჯულების არსებული სისტემა კიდევ უფრო დასახვეწიაო – კუბლაშვილი რომ ამბობს, გაუბედურებული 90–იანი წლების ერთი ცნობილი ჰიტი მახსენდება: „იდღეგრძელე საქართველო, კიდევ უფრო აღორძინდი“.

 

რაც დრო გადის, გაზეთის იდეა სულ უფრო მეტად მომწონს. გთავაზობთ კიდევ ერთ რუბრიკას – „მოვემზადოთ დასაგინებლად“. ამ რუბრიკის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც გავიგე, რომ რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა ექსპერტმა კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ დააფუძნა.

 

ნიუსი: „დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირება და არჩევნების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ უნდა იყოს მინდობილი. არამედ აუცილებელია, პროცესში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ, კოალიციის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააერთიანონ რესურსები და შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც გაზრდის საარჩევნო პროცესებზე ეფექტიან სამოქალაქო კონტროლს და მას რეალურ შედეგამდე მიიყვანს“.

 

მგონი, შევცდი – ეს ნიუსი სხვა რუბრიკაში უნდა ჩაჯდეს. სახელიც მოვიფიქრე, რუბრიკას ერქმევა „ნტ, ნტ“ და მასში, ასეთი ტიპის ნიუსებთან ერთად გამოქვეყნდება ირონიულად აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარები. როგორც ხედავთ, გაზეთის იდეა არა მხოლოდ ფრთებს ისხამს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მედროშეც კი ხდება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მედროშემ ნინო კალანდაძემ მორიგი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ასეთი რამ განაცხადა: „საქართველოს საგარეო უწყება ამ ეტაპზე ტაივანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხეს ვერ ხედავს“. ვერ ვხედავო... არადა, როგორი ბრიალა თვალები აქვს! მაშ მტყუანს?! რას ქვია „ვერ ხედავს“. ძალიანაც კარგად ხედავს, მაგრამ მაგ სამინისტროში ყველას ყველაფერი კიდია. ნინო კალანდაძეს – ქუთუთოებზე, სერგი კაპანაძეს – ბლანჟეზე, გრიგოლ ვაშაძეს – ულვაშებზე.

 

„სასტუმროში „ჰოლიდეი ინნში“ ხვალ პირველი ეროვნული კონფერენცია „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება“ გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობას 140-მდე დელეგატი - სტუდენტები, არასამთავრობო, საერთაშორისო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მკვლევარები და დონორი ორგანიზაციების წევრები მიიღებენ“ – ეს ამბავი იმ რუბრიკის ბინადარია „ნტ, ნტ“ რომ ვუწოდეთ. ლადო ვარძელაშვილი – ნტ, ნტ...

 

ხოლო რაც შეეხება დონორ ორგანიზაციებს, ჯერ–ჯერობით არ ვიცი, მათ რა რუბრიკა მოვუძებნო. გასული კვირის ერთ ამბავს გეტყვით და რუბრიკის სახელწოდებაზე მერე ერთად ვიფიქროთ. „USAID-მა გრანტით საქართველოში მოქმედი კიდევ 12 არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსა. გრანტების დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, მართლმსაჯულების სისტემის საკითხზე გამართულ ფორუმზე გაიმართა“.

 

რატომ გავამახვილე ამ ამბავზე ყურადღება? იმიტომ, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაფინანსდა ორგანიზაცია, რომლის დედა–დამფუძნებლები და მმართველები ერთად და შეხმატკბილებულად არიან მაგდა ანიკაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

ჰოდა, ამის შემდეგ, გიორგი თარგამაძე და მისი შტატივები როგორც კი იტყვიან, ოპოზიციაში ვართო, ღრმად ჩავისუნთქოთ და ყველამ ერთად შევძახოთ „მაშ მტყუანის...“ ეს მრავალწერტილი არ არის, ეს მრავალი სართულია.

 

ამირან გულში მღეროდაო... კახელები გულში აგებდნენ სართულებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში მეზობლებს უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი „ზავოდობა“ ახალ სახლში სტუმრებთან ერთად აღნიშნა და მათთან ერთად ახლად გამოხდილი არაყიც დააჭაშნიკა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. მასპინძელმა საჩუქრად კახური ქუდი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს სახლიც დაათვალიერებინა და ის საწნახელიც აჩვენა, სადაც მონაკოს პრინცთან ერთად ღვინო დაწურა“.

 

შემდეგ, ალბათ, კახელებმა გულისტკივილით გაიხსენეს გრეის კელი, ასევე გაოცება გამოთქვეს იმის გამო, რომ „მონაკო“ სადაცაა მეორე დივიზიონიდანაც გავარდება. ერთმა კახელმა თქვა „მონაკო“–„დეპორტივოზე“ მეტი გოლი მედო და რვით სამი მორჩაო. მიშამ უთხრა, მონაკოს გახსენებაზე მოდი, ვიყომაროთო. „შენთან როგორ ვიყომარებ, დასტაში ხუთი ტუზი გაქვსო“ – უთხრა კახელმა, გულის სიღრმეში კი ის სართულები ააგო, ზემოთ რომ მოგახსენეთ.

 

„ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე გატანა სტრატეგიული საკითხია“ – ეს სიტყვები მიშამ ორი დღის შემდეგ თქვა და გამიკვირდა. აკი, რუსეთში ღვინის გატანა არ მაინტერესებსო? რუსეთი, რა, საერთაშორისო არ არის? გააჩნია ვისთვის. მიშასთვის – არა. მიშა ისეთ პონტშია, ნინო ზაუტაშვილი გადაცემა „პერი“–ში რომ იძახდა: „სამი ფილმი – ქართული, რუსული, უცხოური“, ანაც ავოე.გე–ზე მუსიკა რომ არის – ქართული, რუსული, უცხოური.

 

ქართულ–რუსულ ამბავში უცხოეთმა მორიგი რეზოლუცია მიიღო – ევროპარლამენტმა სამასორმოცდამერვედ აღნიშნა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ჰოდა, მიშამაც არ დააყოვნა – გახარებულმა აღნიშნა, მორიგი გამარჯვებააო, სინანულით კი დასძინა: „რუსი დიპლომატები ფულის ჩემოდნებით დაწანწალებენ მთელ მსოფლიოში საქართველოს რეგიონების აღიარებისთვის“.

 

რუსო დიპლომატებო, თქვე შობელძღლებო, მთელ მსოფლიოში რომ დაწანწალებთ ფულიანი ჩემოდნებით, ერთი ჩემოდანი მიშასთვისაც გაიმეტეთ, თორემ ნერვიულობისაგან სახე აქვს წაშლილი.

 

„მე ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს წინსვლაში ამ დიდ ნაბიჯს“ – განაცხადა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, კანონმდებელმა და საზოგადო მოღვაწემ, გია როინიშვილმა და მე ვთქვი: „წადი, შენი!!!“ „ქვევრი“ გამახსენდა და ვთქვი.

 

ქვევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს – ქვევრს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“.

 

რურუა რომშია. ამბობენ, გაიქცაო. ისევ აგორდა თვითმოძრავი ქვევრი... ფრთხილად, აბესალომ... ვაჰ... როინიშვილზე ქვევრი გამახსენდა, აბესალომზე – შლოპანცები. ბათუმში შლოპანცებს ძეგლი დაუდგეს –აღშფოთბულია მოსახლეობა. მშვიდად, ბატონებო, სხვა რაკურსით შეხედეთ. თვისუფლების მოედანზე გველეშპის ქანდაკება დგას, ხოლო ბათუმში სკულპტურა შლოპანცებს კი არა, იმ კვერცხებს დაუდგეს, რომლებზეც შლოპანცები ალაგია – კუბლაშვილებს, გაბაშვილებს, ახალაიებს...

 

რაო – კვერცხები არ ვართო!!! არ დამაგინებინოთ.

„მიხეილ სააკაშვილი 2015 წლისათვის უმუშევრობის 10%-მდე შემცირებას ვარაუდობს...“

რაო, არ დავიგინო?

დროზე ვერ თქვი, მიხეილ? უკვე დავიგინე

 

რ.ა. (როგორც არის) მეორე მხრივ, არსებობს საქართველო, შენი სამშობლო, სადაც საკეთებელს რა გამოლევს, მაგრამ იქ, მიგესვლებოდეს კიდეც, ყურს აღარავინ გათხოვებს. დავუშვათ, რომ საიმედო თვშესაფრის პოვნა მოხერხდა. მერე – რა? არაფერი! სულიცა და ხორციც მალვის მღელვარებას, გაქცეული კაცის ყოველდღიურობას უნდა შეაჭამო... რა ჰქვია ამ ბოლო გაქცევას?.. უმჯობეს შემთხვევაში – ტყვეობიდან თავის დაღწევა. უფრო – შეძენილი რეფლექსის ამოძრავება!.. სიბერეზე გამარჯვება!.. ჰო, როგორც არის...

(ჭაბუა ამირეჯიბი, „გორა მბორგალი“)