რუსეთი ამ პროვოკაციებით ცდის საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს და ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა დღეს სპეციალური ტელემიმართვის დროს განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროვოკაციებით რუსეთი ცდის საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს, საქართველოს შიდა ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის რაიმე სახის თანამშრომლობის შესაძლებლობას, თუნდაც ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე.
მისივე თქმით, საუბარია სრულიად გეგმაზომიერ პროვოკაციასთან, რუსეთი მიჰყვება თავის გეგმას და მისთვის სულ ერთია, თუ რა ქმედებას განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება.
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სწორია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ ქართული მხარე უნდა იყოს ფრთხილად და არ წამოეგოს რაიმე სახის პროვოკაციას. ამასთან, მისივე თქმით, ის ნამდვილად არ ადანაშაულებს ამ პროვოკაციების განხორციელებაში საქართველოს მთავრობას. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას არ სურს ეს თემა გამოყენებული იყოს დაპირისპირების ან ვინმეს მხრიდან პოლიტიკური ქულების მოგროვების კუთხით.
"მინდა გავაკეთო განცხადება რუსეთის ფედერაციის ბოლო პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის რამდენიმე ადგილზე გადმოწევის პირობებში, როცა შეიქმნა საფრთხე, რომ თუ ეს გაგრძელდა, ჩვენ დამატებით კონტროლს დავკარგავთ ათასობით ჰექტარზე, ჩვენი ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის. რუსეთისთვის პრობლემა იყო საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, პრობლემა იყო გამსახურდია, შევარდნაძე, რუსეთისთვის პრობლემა იყო ჩემი მთავრობა და რუსეთისთვის პრობლემაა დღევანდელი საქართველოს მთავრობა, იმიტომ, რომ მთავრობაში არ არის საქმე, რუსეთისთვის პრობლემაა საქართველოს, როგორც პარტნიორის, როგორც სახელმწიფოს არსებობა და მე მგონი ამ ათწლეულებში ჩვენ ამაში კარგად დავრწმუნდით. ახლა საკითხი დგას, როგორი მობილიზებულები ვიქნებით და რა იქნება ჩვენი პასუხი იმაზე, რაც ობიექტური რეალობაა. ჩვენი მთავრობის პირველ წლებში საოცრად ლმობიერი დამოკიდებულება გამოვიჩინეთ რუსეთისადმი, ჩვენი რიტორიკა იყო უკიდურესად რბილი, უკიდურესაც გახსნილი და ჩვენ ამით ვერაფერი მივიღეთ. ეს არის ჩემი პირადი და მთავრობის გამოცდილება. ჩვენ დღეს ახალ რეალობაში ვართ. ამიტომ ახლა არა თუ არ შეიძლება არასწორი ნაბიჯების გადადგმა, არამედ საჭიროა ყველა გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც მანამდე არსებობდა და გამოცდილება არის მხოლოდ ერთი - რბილი რიტორიკის პირდაპირპროპორციულად მკაცრდება რუსეთის მოქმედებები საქართველოს მიმართ. რუსეთი ახლა ცდის ჩვენს ფსიქოლიოგიურ განწყობას", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვუბრუნდებით დაახლოებით იმ პერიოდს, 2003 წლამდე, როდესაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი აცხადებდა - რა ვქნათ რაგატკებით ხომ არ შევებრძოლებით რუსეთსო. "რა თქმა უნდა არავინ არავის მოუწოდებს შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ასეთ სიტუაციაში და ეს წარმოუდგენელია და ეს ამ შემთხვევაში არაფერს მოგვცემს, მაგრამ ფსიქოლოგიური განწყობა იმისა, რომ ჩვენ ვართ უკიდერესად სუსტები, დაქსაქსულები, რომ ჩვენ თვითონ გამოვაცხადეთ, რომ 2008 წლის ომი იყო საქართველოს ბრალი, რომ ჩვენ თვითონ გამოვაცხადეთ, რომ ვამზადებდით ტერორისტებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ თვითონ ხშირად ვაკეთებთ განცხადებებს, რომ რუსეთთან პირდაპირ ვილაპარაკოთ და არ გვინდა დასავლეთის ჩარევა, ყველაფერი ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და ახალისებს აგრესორს შემდგომი პროვოკაციებისთვის, შემდგომი უარყოფითი მოქმედებებისთვის, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მათი მოქმედების სტილი არ შეიცვლება", - მიაჩნია მიხეილ სააკაშვილს.