ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში დღეს გამართული ინცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 34-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითში ანდრეი დეშჩიცია.
შეხვედრის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს მავთულხლართების გადმოწევის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში გახშირებული დაკავებების გამო. ასევე განიხილეს ის აკრძალვები, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებლებსა და ფერმერებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს, განსაკუთრებით აღინიშნა დიცის საკითხი.
როგორც სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზარდიანთკარში არსებული ვითარება და გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ანდჟეი ტიშკევიჩის მიუკერძოებელი საქმიანობის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში. დღევანდელი შეხვედრა მისი რიგით 25-ე და ბოლო შეხვედრა იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე, შემდეგ შეხვედრებში ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრების თანათავმჯდომარე მისიის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილე ჯერარდ ფიშერი იქნება.
შეხვედრის მონაწილეები შეთნხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება.