თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიტველი ბიზნესმენი საულიუს ვაიტკევიჩუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა ლიტვის მოქალაქის, სუპერმარკეტ "იოლისა" და "პოპულის" ყოფილი მფლობელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე და ვაიტკევიჩუსი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც ცნობილია საულიუს ვაიტკევიჩუსი სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 29 მაისს, 05:20 საათზე მაშინ დააკავეს, როცა კიევის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს..
გამოძიების ინფორმაციით, საულიუს ვაიტკევიჩუსმა 2010 წლის ნოემბერში კომპანია "კავკასუს ელექტრო მარკეტის" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. ამ პერიოდი ის კომპანიის დირექტორი იყო.