საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებში არსებული სამეთვალყურეო საბჭოების მუშაობაში უხელფასოდ მიიღონ მონაწილეობა. დედაქალაქის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების მოთხოვნა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საბჭოებში დასაქმებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და საკმაოდ სოლიდური თანხა არამიზნობრივად იხარჯება. იგი გამოდის ინიციატივით, რომ ეს თანხები, რომლებიც იხარჯება "ნაციონალების" ხელფასებში, საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდეს.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების აზრით, სამეთვალყურეო საბჭოების არსებობა საერთოდ არ არის საჭირო. მათი თქმით, ეს არის ზედმეტი რგოლი, რომელიც ბიუჯეტს აწვება. ჯგუფის წევრების განცხადებით, წელიწადში მილიონნახევარ ლარს ტყუილად იხდიან და სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებული ადამიანებიც 2 500 ლარს გასამრჯელოს თვეში არაფრის გულისთვის იღებენ.
ამასთან, როგორც შიხიაშვილმა აღნბიშნა, საკრებულოს წევრები მზად არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიიღონ ამ საბჭოების მუშაობაში მონაწილეობა. მისივე თქმით, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით მერიისადმი მიმართვას გააკეთებენ.