საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, სარჩელი შეიტანოს.
ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზციებისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე შეისწავლიან.
"ჩვენ ვგეგმავთ ამ საკითხის შესწავლას და იმ კუთხით ფიქრს, რამდენად პერსპექტივა ექნება ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომ შევიტანოთ რუსეთის წინააღმდეგ იმ მოქალაქების სახელით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად მიწის ნაკვეთს, სახნავს-საძოვარს, სახლს თუ საფლავს დაკარგავენ. გასარკვევია, ამ ადამიანებს საკუთრებაში აქვთ თუ არა დარეგისტრირებული ის ნაკვეთები და ადგილები და თუ არ აქვთ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სასწრაფოდ ნორმები, რომ აღირიცხოს სავარაუდოდ, მაინც რა ქონება მოჰყვება საზღვრის გავლების შედეგად იქით მხარეს", - აცხადებს კოჟორიძე.