თბილისის მერია ბავშვთა უფლებების დაცვის საერთშორისო დღეს, 1 ივნისს, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მერიის ინფორმაციით, ამ დღეს, თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წელს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი აღდგა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
ფესტივალში საქართველოს თოჯინების თეატრების დასებთან ერთად, რომლებიც ბათუმიდან, ახალციხიდან და ქუთაისიდან ესტუმრებიან თბილისს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ცნობილი დასი "ხის ჩარჩოს თეატრი" და ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
1 ივნისს ასევე თბილისის სხვადასხვა დასასვენებელ პარკებში წარმოდგენილი იქნება - თითების თეატრი, თოჯინური საოპერო თეატრი "მცირე პწკალა", "ბასტი ბუბუ", ეროვნული უმცირესობების საბავშო ანსამბლები, კარიკატურისტები, ანიმატორები, თბილისის ხელოვნების სკოლების ანსამბლები, საქართველოს ყრუთა კავშირის ბავშთა ანსამბლი, თბილისის თოჯინების თეატრი, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი და სხვა მუსიკალური წარმოდგენები.