აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2012 წლის ანგარიშში საქართველოც მოხვდა. როგორც აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მთავარობასთან თანამშრომლობას განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამ რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რუსეთთან საზღვრის დაცვის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა", - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.
ტერორიზმის შესახებ აშშ-ის დეპარტამენტის ანაგრიშში ასევე მოხვდა 2012 წელს საქართველოში განხორციელებული ტერორისტული ინციდენტები. კერძოდ, 13 თებერვალს, თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ნაპოვნი დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და წარმატებით შეძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის ნეიტრალიზება. იმავე დღეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობლობები აღმოაჩინეს ტაილანდსა და ინდოეთში. განხორციელებული თავდასხმები კი "ისლამური რევოლუციის მცველთა ძალებს" დაუკავშირეს", - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოხდა აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩეჩენი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია.
"საქართველოს მთავრობამ ეს შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ მიიჩნია, თუმცა, ნოემბერში, ქვეყნის ახალარჩეულმა მთავრობამ ხელახლა წამოიწყო მომხდართან დაკავშირებული გამოძიება", - ნათქვამია ანგარიშში.