შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, მისი საქმის განმხილველი მოსამართლე მომავლის შიშით მიუკერძოებელი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ამის შესახებ ახალაიამ დღეს გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რის შემდეგაც მან და დაცვის მხარის ადვოკატებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"გილოცავთ ბატონო პროკურორებო, თქვენი პოზიციები მოსამართლის მიერ კიდევ უფრო მყარდება. თქვენ მიზანმიმიმართულად უზღუდავთ დაცვას უფლებებს. მე მინდა, გითხრათ თქვენ და მთელ საზოგადოებას, რომ საქმე, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი, შეეხება არარსებულს, ეს არის ჩვენი მტკიცე შეფასება. აქ არ არსებობს პირდაპირი უტყუარი მტკიცებულებები. საქმე მთლი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს უპირველეს ყოვლისა, თავისი შინაგანი რწმენის შესაბამისად. მე საფუძვლიანად მეპარება ეჭვი თქვენს შინაგან რწმენაში, მიუკეროებულობასა და ობიექტურობაში, ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ მივიღო ამ პროცეში მონაწილეობა. თქვენ ხართ მიკერძოებული. ზუსტად არ ვიცი მომავლის, თუ რისი შიშით, მაგრამ პროცესის მსვლელობისას თქვენ ვერ იქნებით მიუკერძოებული. არც მე ვიქნები ამ პროცესებზე და არც ჩემი წარმომადგენლები იქნებიან აქ. მე არავის არ ვარიდებ თავს, რადგან სხვა პროცესებიც მაქვს და მათ ჩვეულებრივ დავესწრები", - განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს.
ბაჩო ახალაიასთან ერთად აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულების გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილება, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებიან.