სემეკ-ის დადგენილებით, 1-ლი ნოემბრიდან რეგიონებში სასმელი წყლის გადასახადი გაიზარდა, ერთი ტონა სასმელი წყლის გადასახადი 50 თეთრი გახდა, აქამდე კი 27 თეთრი იყო. მოსახლეობა ეჭვობს, რომ თბილისშიც წყლის ტარიფის გაზრდა დროის საკითხია. როგორც რეგიონებში მოსახლეობას შეაგუებენ გაზრდილ გადასახადთან, იმ წუთშივე დაიწყება “ზრუნვა” დედაქალაქში ტარიფის მატებასთან დაკავშირებით.
მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით გაზრდილი გადასახადის გადახდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმ აბონენტებს მოუწევთ, რომლებსაც ინდივიდუალური მრიცხველი აქვთ. ყვარელში, გურჯაანსა და სიღნაღში აბონენტების გამრიცხველიანება ამჟამად მიმდინარეობს.
“აბონენტების გამრიცხველიანება ერთი თვის წინ დაიწყო. ქალაქ ყვარელში 2000-მდე აბონენტის გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. გურჯაანში 2200-მდე აბობენტი, ხოლო სიღნაღში 1000-მდე აბონენტი გამრიცხველიანდება. ამ ორ ქალაქში აბონენტების გამრიცხველიანებაც წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა ვადა 2012 წლის თებერვლამდე აქვთ.
მრიცხველის ღირებულება თავისი მონტაჟით 100 ლარი ღირს და მას აბონენტი იხდის. თუ რომელიმე აბონენტს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს, აღნიშნული თანხა 2 წელიწადზე გადანაწილდება და ყველანაირი დანამატის გარეშე, თვეში 4 ლარის გადახდა მოუწევს”, - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წყალმომარაგების კომპანიის კახეთის ფილიალის მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა.
დუშეთში წყლის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟების პროცესი უკვე დასრულდა. ქალაქის მასშტაბით 2 140 მრიცხველია დაყენებული. უკვე პირველი დეკემბრიდან კი დუშელები 1 ტონა წყალზე 27 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრს გადაიხდიან.
რაიონში სასმელი წყლის გაძვირებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯილდა მაჭავარიანი ადასტურებს.
“აქამდე მოსახლეობა წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიდა. ახლა ეს წესი იცვლება და დეკემბრიდან მოსახლეობა ყოველ მოხმარებულ 1000 ლიტრ წყალზე 50 თეთრს გადაიხდის. ის ტარიფი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, არასამართლიანი იყო, ამიტომაც დაიწყო გამრიცხველიანება და აბონენტები გადაიხდიან იმდენს, რასაც მრიცხველი დაწერს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება დედაქალაქს, ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები თბილისში არ იგეგმება. როგორც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განაცხადეს “საქართველოს რეგიონების წყალმომარაგება არ არის კავშირში თბილისის წყალმომარაგებასთან.
“დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ თბილისის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფის ან ფიქსირებული სულადობრივი გადასახადის გაზრდა ნამდვილად არ იგეგმება. თბილისელებისთვის 1 კბ_მ, ანუ 1 ტონა სასმელი წყლის მიწოდება-გატანის ტარიფი კვლავინდებურად 26,6 თეთრს შეადგენს, ხოლო ფიქსირებული გადასახადი კი 1 სულზე 3,15 ლარია; მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება, სულადობრივი გადასახადი 1 სულზე 2,4 ლარს შეადგენს”, - აცხადებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში”.
რაც შეეხება გამრიცხველიანების პროცესს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მოსახლეობის წყლის ინდივიდუალური მრიცხველებით აღჭურვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
თუმცა მოსახლეობა ეჭვობს, რომ თბილისშიც წყლის ტარიფის გაზრდა დროის საკითხია. როგორც რეგიონებში მოსახლეობას შეაგუებენ გაზრდილ გადასახადთან, იმ წუთშივე დაიწყება “ზრუნვა” დედაქალაქში ტარიფის მატებასთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი უკვე დაწყებულია და მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადახდილი გადასახადებით “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდება.
955
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85