სუპერმარკეტების ქსელ "პოპულის" ყოფილი მფლობელის დაკავებასთან დაკავშირებით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ლიტვის მოქალაქე საულიუს ვაიტკევიჩუსი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულშია ბრალდებული მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის 29 მაისს, საქართველოდან გამგზავრების დროს, დაკავებული იქნა ქ. თბილისის აეროპორტში.
საულიუს ვაიტკევიჩუსის ფაქტობრივი დაკავება განხორციელდა 2013 წლის 29 მაისს, 05:20 საათზე, რა დროსაც სრულად იქნა დაცული უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისას კანონით დადგენილი უკლებლივ ყველა საპროცესო მოთხოვნა, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების თაობაზე 3 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს მისი ოჯახის რომელიმე წევრს ან ახლობელს, ასევე დაკავების თაობაზე უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
დაკავებისთანავე, 05:25 საათზე, ბრალდებულს მიეცა წინადადება, დაკავების შესახებ შეეტყობინებინა ოჯახის წევრის ან ახლობელისთვის. საულიუს ვაიტკევიჩუსმა გამოხატა სურვილი დაკავშირებოდა ახლობელს და დაუყოვნებლივ, საკუთარი მობილური ტელეფონით, დაუკავშირდა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ირაკლი ყანდაშვილს, რომელსაც განუცხადა მისი აეროპორტში დაკავების თაობაზე და განუმარტა, რომ გადაყვანილ იქნებოდა შსს-ს დროებითი მოთავსების №1 იზოლატორში.
საპროცესო კოდექსის თანახმად, უცხოელის დაკავების თაობაზე შეტყობინება - 29 მაისს 08:10 საათზე ელექტრონულად გაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.
დაკავებისას და შსს-ს დროებითი მოთავსების №1 იზოლატორში შესახლებისას, საულიუს ვაიტკევიჩუსი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საულიუს ვაიტკევიჩუსს, დროებითი დაკავების იზოლატორში მიყვანისთანავე, მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გასაუბრებოდა ახლობლებს (რაც არ არის პროცესის მოთხოვნა) და ბრალდებულის სურვილის შესაბამისად, ამჯერად იგი დაკავების დეტალებზე ესაუბრა მეუღლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.