შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, ოსური და რუსული მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის ე.წ. საზღვრის დაცვის შეთანხმება არსებობს.
ამის შესახებ ქემოკლიძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ქართულმა მხარემ წარმოადგინა კონკრეტული ფოტო-მასალა, ორთო-ფოტოები და ა.შ., სადაც ფიქსირდებიან რუსი მესაზღვრეები, არა მარტო ზოგადად ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, არამედ კონკრეტულად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. სიმართლე თუ გინდათ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ რაიმე ლეგიტიმური არგუმენტი, ვერც რუსული და ვერც ოსური მხარისგან. ისინი აცხადებენ, რომ ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებობასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. საზღვრის დაცვას, რაც რა თქმა უნდა, ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ქემოკლიძემ.