პარლამენტმა

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო

რამდენიმე თვიანი განხილვისა და საკმაოდ ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა მესამე მოსმენით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო. ცვლილებები საბოლოო მოსმენით - 84 ხმით, 4-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

კანონპროექტის კორექტირება, რომელიც არასამთავრებო სექტროს წარმომადგენლების ავტორობით მომზადდა, რამდენჯერმე მოხდა.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტით, მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა. ის ნაცვლად თხუთმეტი წევრისა, ცხრა წევრამდე განისაზღვრება. ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით აირჩევს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ასევე სამს - პარლამენტის წევრთა 1/4-ზე მეტის წარდგენით, ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.

კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით, რომლიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და რომლის ბიუჯეტის ოდენობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 15% უნდა იყოს. ამასთან, იზრდება და იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა და იგი განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.14%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 0.12%-ისა.

პროექტის თანახმად, მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.

კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოუკიდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"მთელი პროცესი, რომელიც ამ კანონპოექტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, ადასტურებს, რომ პოლიტიკური დევნის გარდა, დაწყებულია ფარტომასშტაბიანი შეტევა მედიაზე და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე" - განაცხადა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, საკითხის მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გატანისას.