საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივის თანახმად, უახლოეს მომავალში მომსახურების სფეროში დასაქმებული ბიზნესმენები ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან. აღნიშნული ინიციატივა საგადასახადო კოდექსის ცვლილების პროექტის სახით შევა პარლამენტში და, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. ეს კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნესის წარმოებას გაუადვილებს.
ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეებისთვის ფიქსირებული გადასახადის პროექტის მომზადების შემდეგ, რომელსაც უკვე პარლამენტი განიხილავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სხვა მცირე მეწარმეების ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის იდეაც წამოაყენა.
წვრილი მეწარმეები წლების მანძილზე მოითხოვდნენ ფიქსირებულ გადასახადებს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცნობილია როგორც დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანა. ვითარება დიდად არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა, რომელმაც გარკვეული დიფერენციაცია დააწესა გადასახადების განაკვეთებში მცირე ბიზნესის სასარგებლოდ. ინდივიდუალურ მეწარმეებს თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს - ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, პურის საცხობი თუ სილამაზის სალონი - მაინც უწევდათ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება. მომავალაში მათ ამის გაკეთება აღარ მოუწევთ, - ამბობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე:
”სიახლის განხორციელების შემთხვევაში, მეწარმეები სალაროაპარატების საბუღალტრო აღრიცხვისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდებიან და, ყველა გადასახადის ნაცვლად ერთს, ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან.”
აღნიშნული ინიციატივა შეეხება იმ მეწარმეებს, რომლებიც ფიზიკურ პირებს ემსახურებიან. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფიქსირებული გადასახადი იქნება ნებაყოფლობითი და თავად მეწარმეს ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება. გადასახადის განაკვეთის ოდენობა, კონკრეტული სფეროების მიხედვით, მთავრობის განკარგულებით დადგინდება.
სავარაუდოდ, ინდივიდუალურ პურის საცხობებს ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო სილამაზის სალონების გადასახადი სამუშაო ადგილების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ამ სფეროებში დასაქმებული მეწარმეები დადებითად აფასებენ მოსალოდნელ ცვლილებას. პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს:
”კარგი ინიციატივაა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის...”
ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს სილამაზის ერთ-ერთი სალონის მფლობელი ვაჟა საჯაშვილი:
”ყველა გადასახადს ვიხდი, რომ მჭირდება საბუთი, ვურეკავ ბუღალტერს. მოდის, აკეთებს და ცოტა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს. თუ შემოვა ფიქსირებული გადასახადი, მე მგონი, ყველა მიესალმება ამას.”
მცირე ბიზნესის ზოგიერთი სახეობის ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პროექტი შემოსავლების სამსახურმა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურთან ბოლო ორი თვის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების გზების ძიებისთვის აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ.
,,ფიქსირებული გადასახადის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ამით სახელმწიფო მცირე და საშუალო მეწარმეთა აუცილებლობას აღიარებს. ამ ტიპის გადასახადი სრულიად ათავისუფლებს მეწარმეს ყველანაირი ბუღალტერიისაგან, დაწყებული ელემენტალური ბუღალტერიიდან, დამთავრებული დამატებითი ღირებულების გადასახადის თემის მოხსნით”, - აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.
ზოგადად გადასახადის გადახდის პროცედურის გამარტივებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:
”ისედაც ყველას გვესმის, რამდენად რთულია საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ჩვენში... აი, აქ არის დიდი რეზერვი გამარტივების.”
საქართველოში გადასახადის გადახდის სფეროში განხორციელებული რეფორმები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველომ, გადასახადების გადახდის სიმარტივის თვალსაზრისით, 39-ე ადგილი დაიკავა. მან 22 პუნქტით გააუმჯობესა შარშანდელი მაჩვენებელი და რეგიონში ლიდერის პოზიცია მოიპოვა.