ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ადვოკატები დიმიტრი გაბუნია და პაატა სალია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ბოლო დროს მედიაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის დავით იაკობაშვილის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
ჩვენ არ ვაპირებდით რაიმე სახის რეაგირებას ბოლო დროს გავრცელებულ უსუსურ ბრალდებებზე და განცხადებებზე, თუმცა ეს ყველაფერი იღებს სისტემურ ხასიათს და შანტაჟის ფორმასაც კი.
არის არა ერთი მცდელობა, რომელიც ემსახურება ბატონი დავით იაკობაშვილის სახელის ასოცირებას გარკვეულ ბიზნეს დავებთან, რაც ამჯერად ინიცირებულია ვინმე თამაზ ნიჟარაძისა მიერ და საჯაროდ გაჟღერებულია მისი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის მხრიდან.
მივესალმებით რა ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ამ მიზანს ამოფარებულმა პირებმა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საჯარო განცხადებებით და სამართლებრივი დავების ინსინუაციით, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი აზრის იმგვარად ფორმირებას, რაც მოახდენს ბატონ დავით იაკობაშვილის სახელის დისკრედიტაციას და ამით მათთვის სასურველი შედეგის მიღებას.
მოგახსენებთ, რომ დავით იაკობაშვილი გახლავთ ევროპაში და რუსეთში მოღვაწე ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი, რომლის სახელთანაც ასოცირდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე ყველაზე წარმატებული კომპანიების შექმნა და განვითარება აღმოსავლეთ ევროპაში. ასევე დავით იაკობაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი საქველმოქმედო პროექტი.
საქართველოში მისი მოღვაწეობა უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. ქვეყანაში მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 125 მილიონ დოლარს აღწევს. ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში დასაქმებულია 2500–ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და ბიუჯეტში შეტანილი თანხები აღემატება 50 მილიონ ლარს.
ამ ფონზე ადგილ ბ–ნი დავით იაკობაშვილის სულ მცირე საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას, რაზეც ჩვენ, მისი სამართლებრივი გუნდი განვიხილავთ სარჩელის შეტანას სასამართლოში საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის", – აღნიშნულია განცხადებაში.