მოსამართლეთა კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი არასამთავრობო სექტორთან ერთად მსჯელობს. კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ.
უზენაეს სასამართლოში კუბლაშვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ხვდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 9 ივნისის კონფერენციის მიზანია, ყველას აჩვენოს, თუ როგორ ირჩევენ მოსამართლეები დამოუკიდებლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის წარმომადგენლებსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრებს.
როგორც კუბლაშვილმა განმარტა, კონფერენცია ჩატარდება საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დარბაზში, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მასზე დასწრება. კერძოდ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, მედიისთვის გამოიყოფა სპეციალური დარბაზი, სადაც განთავსდება მონიტორები და შესაძლებელი იქნება კონფერენციის მიმდინარეობას გაეცნონ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები კი, დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას განთავსდებიან. კუბლაშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირაში მედიის წარმომადგენლებს დაათვალიერებინებს დარბაზს, სადაც მოსამართლეთა კონფერენცია უნდა ჩატარდეს. ამასთან, როგორც კუბლაშვილმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს საფრთხე, რომელიც გარეგან ჩარევას გულისხმობს.
"დაუშვებელია, რომ ვიღაცეებმა გარედან ინიციატივები გამოთქვან და მოსამართლეებზე ამით იმოქმედონ. ეს საკითხი წარმოადგენს საფრთხეს და იმედი მაქვს, ამ საფრთხის წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მომავალ კვირაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე გეგმავს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის შესახებ ინფორმაცია გააცნოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახაბერ კოჟორიძის განცხადებით, იგი პირადად დაესწრება და დააკვირდება მოსამართლეთა კონფერენციას. ასევე, როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევა გაჯანსაღებული კანონმდებლობის საფუძველზე ხდება, რაც მისასალმებელია. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატები არიან ღირსეული კანდიდატები და პარლამენტს ეძლევა საშუალება, კარგი არჩევანი გააკეთოს.