სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადებითად რესპონდენტთა 51%, პოლიტიკური ოპოზიციის როლში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას კი 14% აფასებს.
როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნული კვლევის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რესპონდენტთა 32,6% "ქართული ოცნების" საქმიანობის შეფასებისას ნეიტრალური შეფასება (არც დადებითად, არც უარყოფითად) აირჩია, 7,5% კი კოალიციის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
რეგიონებს შორის კოალიცია "ქართული ოცნების" დადებითად შემფასებელთა წილი იკლებს (საერთო მონაცემთა და სხვა რეგიონებთან შედარებით) აჭარაში, გურიასა და თბილისში, აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე მეტია კოალიციის საქმიანობის უარყოფითად შემფასებები – 14%.
რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შეფასებას პოლიტიკური ოპოზიციის როლში, დადებითად (ძალზე, ან ძირითადად) აფასებს რესპონდენტთა 14%, არც დადებითად და არც უარყოფითად - 34,2%, უარყოფითად (ძალზე, ან ძირითადად) – 40,6%. "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის უარყოფითი შეფასება სხვა რეგიონებთან შედარებით იზრდება გურიაში, ხოლო დადებითი შეფასება – სამცხე-ჯავახეთში.
რაც შეეხებათ უშუალოდ კოალიცია "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებებს, პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებითი შეფასება კოალიციის საქმიანობის შეფასებას აღემატება და ის 58% შეადგენს, ნეიტრალურ შეფასებას გამოხატავს 25,7%, ხოლო უარყოფითს – 6,5%.
სხვა რეგიონებთან შედარებით ივანიშვილის საქმიანობა ნაკლებად მოსწონთ აჭარაში (შესაბამისად ამ რეგიონში უფრო მეტია უარყოფითად შემფასებელთა წილი – 12,5%) და გურიაში (თუმცა ეს კლება ნეიტრალური და არა უარყოფითი შეფასების ხარჯზე ხდება).
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის დადებითი და უარყოფითი შეფასებები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად, იგივეა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" – დადებითად აფასებს 12%, ნეიტრალურად – 31,5% და უარყოფითად – 41,9%. არ იცველა რეგიონული სურათიც: სხვა რეგიონებთან შედარებით მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უფრო არ მოსწონთ გურიაში, ხოლო მოსწონთ – სამცხე ჯავახეთში.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმაMმოსახლეობის პოლიტიკური განწყობა 24 აპრილიდან 4 მაისის პერიოდში გამოიკვლია, კვლევის ფარგლებში 2004 რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა.