3-10 ივნისს საქართველოში ნატო-ს კვირეული გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ განაცხადა, 3 ივნისს, 11:00 საათზე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კვირეულს ოფიციალურად გახსნიან.
მისივე თქმით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 3 ივნისს ეწვევა. მისი ვიზიტი არის ერთდღიანი. მას ექნება ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ ნატო-ს კვირეულს, რადგან მისი ვიზიტი ასევე უკავშირდება წინამოსამზადებელ სამუშაოებს.
როგორც გოცაძემ აღნიშნა, ჯეიმს აპატურაი ჟურნალისტებს შეხვდება როგორც კვირეულის გახსნისას, ასევე საღამოს ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება უშუალოდ ნატო-ს კვირეულს, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. 3 ივნისს, გაიმართება საერთაშორისო სემინარი- "საზოგადოების ინფორმირება ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ". ნატოს ასპირანტი ქვეყნების "მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მაკედონია", მონაწილეობით.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გაიმართება მოხსენებები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები თბილისსა და სხვა რეგიონებში.
ელენე გოცაძის განცხადებით, კვირეული გამორჩეული იქნება სწორედ იმით, რომ საქართველოში ჩამოვლენ მაღალი დონის სტუმრები ნატოს შტაბბინიდან და ასპირანტი ქვეყნებიდან.
"ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენლები ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ ნატოში ინტეგრაციის გარდა სახალხო დიპლომატიის საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ", - აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა.
მისივე თქმით, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის გაიხსნება გამოფენა საქართველოსა და რუმინეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების მონაწილეობით ISAF-ის მისიაში.
მისი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ქართული და რუმინელი სამხედრო მოსამსახურეების.
ნატო-ს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში და ნატო-ს სამეთვალყურეო ოფისი საქართველოში.
ნატოს კვირეული 10 ივნისს 11:00 საათზე "ნატოს ახალგაზრდული სამიტით დაიხურება".