ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან-კლოდ მინიონი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური კოჰაბიტაციის კულტურის განვითარებას სთავაზობს. ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია გავრცელებული.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ჟან-კლოდ მინიონი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, მიესალმება 2012 წლის ოქტომბერში ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლას, რომელიც დამკვირვებლებმა სამართლიანად აღიარეს. მან მოუწოდა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას გააგრძელონ პოლიტიკური კოჰაბიტაციის კულტურის განვითარება და ურთიერთპატივისცემა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კლიმატის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ძალაუფლების ტრანსფორმაციას", - განაცხადა ჟან-კლოდ მინიონმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას, მან ქართველ პოლიტიკოსებს ხელისუფლების ყოფილი წევრებისა და ოპოზიური პარტიის მაღალჩინოსნების დაკავებით გამოწვეული საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გააცნო. კერძოდ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების თაობაზე.
"ეს პროცესები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება", - აღნიშნა ჟან-კლოდ მინიონმა და დასძინა, რომ იმედი აქვს, ქართული სასამართლო ასეთ საქმეებს სრული დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებულობით შეისწავლის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ძიებაში დაეხმარება. მან მოუწოდა ქართულ პარტიებს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ზომების გატარებისგან, რადგან ამან შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, იძულებით გადაადგილებულ პირთა პირობების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თუმცა მათი ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა ჟან-კლოდ მინიონმა.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორიენტაციას და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.