ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა მზად არის. ლაშა თორდიას უწყების მიერ მომზადებული დოკუმენტი პარლამენტში გადაიგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისში, პარლამენტის სასახლის მშენებლობისთვის სახსრების მოპოვების, ხარჯების მიზნობრიობისა და კანონიერების აუდიტი განახორციელა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქუთაისში, პარლამენტის სასახლის მშენებლობა გახორციელებულია ნებართვის გარეშე. ასევე, არ ჩატარებულა V კლასის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასება შემდეგი მიმართულებით: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება; ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტურქციების საექპერტო შეფასება; დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო შეფასება.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის მშენებლობის სამუშაოების დასაფინანსებლად მთავრობის განკარგულებებიდან გაწეულმა ხარჯმა 73 757 930 ლარი შეადგინა. შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" კაპიტალის გაზრდის მიზნით, სარეზერვო ფონდიდან 209 720 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, აღებულია სესხი "ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან" 15 000 000 აშშ დოლარის და 13 500 000 აშშ დოლარის ოდენობით - წლიური 11%-ანი განაკვეთით. კორპორაციამ აღნიშნული სესხი გასცა 2012 წლი 16 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 00 000 აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებით მოზიდული სახსრებიდან.
"სახელმწიფო მომსახურების ბიურომ" ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო 17 697 109 ლარის სესხი - წლიური 2%-იანი განაკვეთით. პარლამენტის შენობის მშენელობისთვის დაიხარჯა სახელმწოფოს მიერ ქონების რეალიზაციიდან შემოსული სახსერებიც.
დოკუმენტის მიხედვით, ქუთაისის მერიისა და შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ქუთაისში პარლამენტის სასახლის მშენებლობის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ მოხერხდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯების პროეტით გათვალისწინებულ ხარჯებთან შედარება.