სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალის გატაცების შესახებ საქართველოს საკონსულო საქმის კურსშია. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საკონსულოში დაუდასტურეს. საკონსულოში ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგვიანებით ამის თაობაზე კომენტარს თავად კონსული გააკეთებს.
რაც შეეხება გატაცებულ ქართველ ქალს, მისი მეუღლე, როლანდ ბოლქვაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს ყველა საკონსულოსთან სცადა დაკავშირება, თუმცა მის ზარებს არავინ უპასუხა.
ის ვარაუდობს, რომ მისი მეუღლე ადგილობრივმა ქურთებმა გაიტაცეს. მისივე ინფორმაციით, მეუღლე ერთ-ერთ თურქულ ოჯახში მესამე წელია, მოხუცს უვლის, თავადაც თურქეთში 6 წელია მუშაობს.
როლანდ ბოლქვაძე ვარაუდობს, რომ გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით მოხდა, რადგან გატაცება ხელფასის აღების დღეს, 29 მაისს დაემთხვა.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, გატაცების საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ვინმე "ბათუმელი ნანა", რომელიც მის მეუღლეს დასაქმებაში დაეხმარა.
"მან ჩემ დას ურჩია, ამ საქმეში არ გარეულიყო, თორემ მის ბედს გაიზიარებდა. უცნობები ტელეფონით მირეკავენ და მეუღლის ტირილს მასმენინებენ. თავდაპირველად გამტაცებლები თანხას ითხოვდნენ, თუმცა ახლა ამაზე აღარ საუბრობენ", - აღნიშნა როლანდ ბოლქვაძემ. მისივე თქმით, პოლიციაში მეუღლის გატაცების შესახებ განცხადება უყურადღებოდ დატოვეს.
ოჯახი წარმოშობით აჭარიდან არის და ორი შვილი ჰყვათ. გატაცებულის მეუღლე ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს.