როენა ხუცურაულს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კახა შოთაძემ "პალიტრა TV"-ს განუცხადა, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2013 წლის 4 იანვარს დაიწყო.
მისივე თქმით, ჩატარებული გამოძიების შედეგად 2013 წლის 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა სასტუმრო "შემოიხედეს" მეპატრონეს როენა ხუცურაულს, რომლის კუთვნილი სასტუმრო თბილისში, ქერჩის ქუჩა #6-ში მდებარეობდა.
როგორც შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, მოწმის სახით დაიკითხნენ სასტუმროში მომუშავე ქალბატონებიც. კახა შოთაძის განმარტებით, აღნიშნული დანაშაული ჯარიმას ან თავისუფლების 2-დან 4 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის როენა ხუცურაულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.