სექტემბრიდან პენსიები ისევ გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა. "სექტემბრიდან კიდევ მოხდება პენსიების აწევა, თუმცა, ახლა ზუსტი ციფრები არ მაქვს", - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, მან განათლების რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ტოტალური პრობლემებია. "განათლების შესახებ რეფორმას ვეტო დაადო პრეზიდენტმა. იმედი მაქვს, ის პარლამენტის მიერ მომავალ კვირას დაიძლევა. რეფორმა შეეხება თქვენს უნივერსიტეტს. ვიცი, რომ ბევრი დაზარალდა, ამას აღვადგენთ",- განაცხადა ივანიშვილმა თსუ-ს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც პრემიერისგან დაინტერესდა, შეისწავლის თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრს გადაცემის წამყვანმა "ხუდონჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, რასთან მიმართებაშიც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "არც ერთ მოსახლეზე ძალადობა არ მოხდება".
"პერსპექტივაზე თუ ვფიქრობთ, "პოლიტიკანობას" თავი დავანებოთ და რაც სჭირდება სახელმწიფოს, ის უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ხელისუფლებისთვის მომგებიანი პოლიტიკურ ნაბიჯი, ბევრი განაწყენებული დარჩება, ბევრი ვერ გაიგებს, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია _ არავიზე ძალადობას არ მივიტანთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.